გორის მაჟორიტარი დეპუტატი: თანხები მართლაც გავფლანგე

ოქტომბერი 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"2016 წელს ჩემი დაჯარიმება სამართლიანი იყო. ეს არ ყოფილა ბიზნესზე ზეწოლა", - განაცხადა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრხიძემ რადიო "მოზაიკასთან" ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრისას. 

პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი არის თავისუფალი და ამის დასტურად აცხადებს:

" 2016 წელს, როცა შპს "იბოლია" დააჯარიმეს, მე მტყუანი ვიყავი და ასეც უნდა მოქცეულიყვნენ. დიახ, მე მაშინ თანხები გავფლანგე და ამიტომაც დავჯარიმდი".  

შეგახსენებთ, რომ გორის მაჟორიტარ დეპუტატს, იოსებ მაკრახიძეს პროკურატურამ 2012-2014 წლებში ჩადენილი დანაშაულისთვის თაღლითობის ბრალდება წარუდგინა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. თუმცა, ამნისტიის შესახებ კანონების გამოყენებით, მის მიმართ 2016 წლის ივლისში სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. ერთ კვირაში ის უკვე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მმართველი გუნდის სახელით გორში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

 

ამავე თემაზე:  მაკრახიძე: ბიზნესი ასეთი თავისუფალი არასოდეს ყოფილა

 

საქმის წარმოების ქრონოლოგია და დეტალები: 

 

იოსებ მაკრახიძეს პროკურატურა სხვადასხვა საქმეზე თანხების მითვისებას ედავებოდა. მაკრახიძის დანაშაულებრივი ქმედებები დადასტურებულია სასამართლოს მიერ და ის ამნისტიითაა გათავისუფლებული. 

 

2016 წელი:

22 აპრილის სასამართლო განჩინებაში წერია, რომ შპს “იბოლიას” მაშინდელმა დირექტორმა ანუ იოსებ მაკრახიძემ მიღება-ჩაბარების აქტებში არასწორი მონაცემები შეიტანა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, სახელმწიფო თანხების მითვისება განიზრახა.

 

  • იმავე დოკუმენტის მიხედვით, იოსებ მაკრახიძემ 2012 წლის სექტემბერში, 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერსა და 2014 წლის მარტში უკანონოდ მიითვისა 79 450 ლარი, რის გამოც სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის, მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების მიხედვით ბრალი წარედგინა, რაც თაღლითობას, ანუ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას და მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევას გულისხმობს. სასამართლომ მაკრახიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.

 

22 ივლისს, საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე, მაკრახიძის უფლებების დამცველმა 2012 წლის 28 დეკემბერს და 2016 წლის 24 ივნისს გამოცემული ამნისტიის შესახებ კანონების გამოყენების თაობაზე  შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სამივე ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა.

 

აღნიშნული კანონები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ ყველა დაზარალებული მხარე მათ გამოყენებას თანხმობით დაადასტურებს. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონი  180-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ დანაშაულზე ვრცელდება, რომელიც   2012 წლის 2 ოქტომბრამდეა ჩადენილი. 2016 წლის 24 ივნისის ამნისტიის შესახებ კანონი კი, ხანდაზმულ ბრალდებულებს შეეხოთ, რომლებიც 180-ე, 182-ე მუხლებით გასამართლდნენ, დანაშაული 2015 წლის 31 დეკემბრამდე ჩაიდინეს და იმ მომენტისთვის 70 წლის ან 70 წელს გადაცილებულები იყვნენ.

 

71 წლის იოსებ მაკრახიძის საქმეები აღნიშნულ კრიტერიუმებში ჯდებოდა და შესაბამისად, ბრალდებულ იოსებ მაკრახიძის, ასევე გორის მაშინდელი მერის (ზურაბ ჯირკველიშვილი) და გორის მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებლის (დავით ონიაშვილის) თანხმობის საფუძველზე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ეს თანხმობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელმოწერებით დაადასტურეს.

 

22 ივლისს სასამართლომ დადგენილება მიიღო, რაც აღნიშნული ამნისტიის შესახებ კანონების გამოყენებით, იოსებ მაკრახიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას და გირაოს სახით გადახდილი 10 ათასი ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობს.

 

 

 

 

Read 2448 times Last modified on Last modified on ოქტომბერი 01 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი