ეკონომიკური ფონი, როგორც საერთო პრობლემა

იანვარი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი არაერთხელ დასახელებული ისეთი პრობლემების გამომწვევ მიზეზად, როგორიცაა, მაგალითად, მიგრაციის ზრდა, უნივერსიტეტის მიღმა დარჩენილ სტუდენტთა რაოდენობის მატება და სუიციდის გახშირებული შემთხვევები.

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გორის ქუჩებში გამვლელებთან გასაუბრება აჩვენებს, რომ 10-დან 9 ადამიანი საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილოა.

„შემოსავლის წყარო იმდენი სად არის, რაც გასავალია?! იმდენს ვერც შოულობ და შესაბამისად, ვერც ხარჯავ, რაც ოჯახს  სჭირდება“, - გვეუბნება 40 წელს მიტანებული ქალი, რომელიც გორის აგრარულ ბაზარზე ბოსტნეულის ყიდულობს.

ტაქსის მძღოლია ჩემი მეუღლე და კაპიკები შემოაქვს. როგორ უნდა გაგვწვდეს? ან მე განა რამდენი უნდა ვიშოვო აქ დგომით?!“  - კითხულობს ლია. ის მოპირდაპირე დახლზე რძის პროდუქტებს ყიდის.

წელებზე ფეხს ვიდგამთ, მაგრამ იმდენს მაინც ვერ ვშოულობთ, რომ გვეყოს. ამიტომაც გარბის ხალხი ქვეყნიდან“, -  ამბობს სამარშუტო ტაქსის მძღოლი, რომელიც დღის განმავლობაში 10 საათს მუშაობს.

გორის ქუჩებში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ფუნდამენტური საჭიროებების დაკმაყოფილება უჭირს.

„კომუნალური გადასახადები, სწავლის ფული, საჭმელი - ყველაფერი იმდენად ძვირია, რომ აბა, სხვაზე რაღაცაზე უნდა იფიქრო?“, - კითხულობს მარინა. ის ორი სტუდენტის დედაა.

„სტაბილური სამსახურის შოვნა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ადამიანი სულ ფორიაქობ. ასეთ პირობებში მშვიდად როგორ უნდა იცხოვრო?“ - ამბობს ნინო.

გორის ქუჩებში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, დანაზოგის გაკეთებას თითქმის ვერავინ ახერხებს. მეტიც, მათ ნაწილს ბანკის სესხი აქვს.

„მე მაგალითად სამშენებლო სამუშაოებზე ვმუშაობ. ზამთარი კიდევ ისეთი სეზონია, რომ სამუშაო ძალიან ნაკლებია. ამიტომ იძულებული გავხდი, სესხი ამეღო“, - გვიხსნის ტარიელი.

ჩვენ მიერ გამოკითხულთა შორის, არიან ისეთებიც, ვისაც ვითარების შეცვლის იმედი არ აქვს და არსებულთან შეგუებას ცდილობს. თუმცა ნაწილი იმედიანადაა და ფიქრობს, რომ მთავრობა ეკონომიკური კრიზისისგან თავის დაღწევის ეფექტიან გზას მონახავს.

ვითარების გაუმჯობესების საკუთარი ხედვების აქვთ დარგის სპეციალისტებს. ისინი ფიქრობენ, რომ ეკონომიკური კრიზისი რეგიონებში უფრო მძაფრად იგრძნობა, რადგან ფინანსები თავს ძირითადად დედაქალაქში იყრის.

„სანამ ფული და ძალაუფლება არ გადაეცემათ რეგიონებს, ასე იქნება“, - ფიქრობს ექპერტი ეკონომიკის საკითხებში თამარ ედიშერაშვილი. ის ფიქრობს, რომ „რაიონებში ეკონომიკა ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. შესაბამისად, სადაც ფული არაა, იქ დასაქმებაც არ იქნება. საჭიროა, რომ ფინანსების დანაწილება მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაიონები დაიცლება ხალხისგან. რადნ ხალხი მიდის იქ, სადაც ფულია. ეს ჩვენ შემთხვევაში კი, ხან თბილისია, ხან კი საერთოდ სხვა ქვეყანა“.

რეგიონების გაძლიერების გარდა, ექსპერტები სახელმწიფოს კერძო სექტორის განვითარებაზე ზრუნვასაც ურჩევენ.

„აუცილებელია, მთავრობამ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და დასაქმების გაზრდას.  ეს უნდა გამოიხატებოდეს გადასახადების შემცირებაში. და ეს უნდა გამოიხატებოდეს ბიზნესისათვის მისაღები რეგულაციების შემღებაში“, - ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.

ეკონომიკაზე საუბრისას, თითქმის არავის ავიწყდება, რომ 1 აშშ დოლარი 2.49 ლარი ღირს. ესპექრტებიც და მოქალაქეებიც ფიქრობენ, რომ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლა, სახელმწიფომ სწორედ ეროვნული ვალუტის გამყარებით უნდა დაიწყოს.

Read 1457 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი