Back to Top
პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018 16:19

ეროვნული თავდაცვის აკადემიის 66 იუნკერი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეემატა

Rate this item
(0 votes)

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 66 იუნკერი დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეემატა.

სამხედრო ფიცის დადების ღონისძიება საზეიმო ვითარებაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

ფიცის დადებამდე იუნკრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.

საწყისი საბრძოლო მომზადების ხუთკვირიანი კურსი, რომელიც პირველი კურსის იუნკრებმა წარმატებით გაიარეს, მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს. აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს ახალწვეული სამოქალაქო პირების სამხედრო მოსამსახურეებად გარდაქმნას. კურსის განმავლობაში იუნკერები დაეუფლნენ სამხედრო მოსამსახურის ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

დღესვე აკადემიის სამწყობრო მოედანზე სამხედრო ფიცი დადეს ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმაც, რომლებიც სასწავლო პროცესს 15 ოქტომბრიდან დაიწყებენ. 

აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკრებსა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლა და სამხედრო ფიცის დადება აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ მიულოცა.

ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ იუნკერთა ოჯახის წევრები, რომლებიც ღონისძიების ბოლოს საკონფერენციო დარბაზში მომღერალ გიორგი სუხიტაშვილისა და აკადემიის ბენდის მიერ გამართულ კონცერტს დაესწრნენ.

Read 1087 times