საპრეზიდენტო კანდიდატების ხედვები ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

ოქტომბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

"აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი - მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" მიერ შედგენილ კითხვარს საპრეზიდენტო კანდიდატებმა (დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე, შალვა ნათელაშვილი, დავით უსუფაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე) უპასუხეს.

საპრეზიდენტო კანდიდატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საუბრობენ და საზოგადოებას აცნობენ საკუთარ ხედვას და გეგმას აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

"სანამ ღარიბი ქვეყანა ვართ, გაგვიჭრიდება ვიყოთ მიმზიდველები ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეებისთვის. ამიტომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა და მდიდარი და განვითარებული საქართველო არის ერთადერთი გზა ტერიოტრიული მთლიანობის აღდგენისაკენ." - ფიქრობს "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.

"შექმნილ ვითრებაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება არა ეროვნული ან რეგიონული, არამედ გლობალური ძალთა ბალანსის ცვლილების პირობებში. ეს ცვლილება აუცილებლად მოხდება, როგორც ცივილიზაციის განვითრების მორიგი კანონზომიერება და იგი გახსნის გზას გამთლიანებისკენ. ჩვენი ამოცანაა, ამ ცვლილების მომწიფებას და გზის გახსნას მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ, რათა გამთლიანების ობიექტურად რთულ პოლიტიკურ, ადამიანურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სტრუქტურულ ასპექტებს წარმატებით გავუმკლადეთ. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი თავის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სახელმწიფო სტრატეგიის დახვეწის, მასზე ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის და შესაბამისი გრძელვადიანი სახელმწიფო პოლიტიკის მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფაში; დემოკრატიული სამყაროს მიერ არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებში; საზოგადოებაში რაციონალური სახელმწიფოებრივი მიდგომების დამკვიდრებასა და იმ სტერეოტიპების დაძლევაში, რის გარეშეც მომავალი შერიგება და გამთლიანება შეუძლებელი იქნება; ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის განათლების, დასაქმების და წარმატების მიღწევის იმაზე უკეთესი ალტერნატივების გაჩენაში, რასაც რუსეთი სთავაზობს, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების და ვიზალიბერალიზაციის შედეგად გაჩენილ შესაძლებლობებზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდაში; ჟენევის ფორმატის ხელშეუხებლად აფხაზებთან და ოსებთან თემატური დიალოგის, რაც შეიძლება, მეტი ფორმატის გაჩენაში; ოკუპაციის ხაზებს მიღმა მცხოვრები მოქალაქეების სავაჭრო-სამეწარმეო ურთიერთობის წახალისებაში; აფხაზურის, როგორც მეორე სახელმწიფო ენის, პოპულარიზაციაში. ამავე მიმართულებით პრეზიდენტის სრულიად განსაკუთრებულ ფუნქციად იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წარმოჩენა, როგორც დემოკრატიული, წარმატებული, უსაფრთხო, ყველა მოქალაქის მფარველი, დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვანი და საჭირო პარტნიორი ქვეყნის. უნდა გვახსოვდეს, რომ გამთლიანება მოგვიწევს აფხაზების იმ თაობებთან, რომელთა მოტივაციები დაცლილი იქნება წარსულ-ემოციურისგან („თვალცრემლიანი შეხვედრა ბავშვობის მეგობრებთან, ვისთანაც ხიდი ჩაგვიტყდა“) და სავსე იქნება მომავალ-რაციონალურით („უკეთესი გარემო ჩემი ინდივიუალური და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განვითრებისთვის“)."- განაცხადა "შენების მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა.

"ოკუპაციისა და ქართველთა გენოციდის მხილება საერთაშორისო ასპარეზზე."- მიიჩნევს "ლეიბორისტული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი.

"ჩვენი მიზანია ერთიანი, ძლიერი საქართველო, ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით, მშვიდობიანი, დიპლომატიური და პოლიტიკური მეთოდებით. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება. რუსეთის ფედერაციასთან, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოსთან, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით და შესაბამისი ფორმატების გამოყენებით, დეოკუპაციის თაობაზე მოლაპარაკებების წარმართვის პარალელურად განხორციელდეს ოკუპაციითა და კონფლიქტით გახლეჩილი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ნაწილებს შორის დიალოგის აღდგენა სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივით, ასევე იმ სახელმწიფო პროგრამებით, რომლებიც მოახდენენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილზე არსებული საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, კულტურული და სხვა სფეროში ფუნქციონირებადი პროგრამების გააქტიურებას მათი თანამედროვე ქართული სახემწიფოს მშენებლობაში ჩართვის მიზნით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დევნილებს მიეცეთ საშუალება აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ საკითხების გადაწყვეტაში.

- საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო ეფექტიანად და აქტიურად უნდა გააგრძელოს არაღიარების, დეოკუპაციისა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პოლიტიკა.

- ავამუშავებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს რუსეთის მიერ განხორციელებული ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის ორგანიზატორთა და შემსრულებელთა წინააღმდეგ და იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის შედეგად მიადგა ქართულ სახელმწიფოსა და მოქალაქეებს.

- გამოვიყენებთ ყველა არსებულ საშულებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტოტალური კონტროლისა და დისკრიმინაციის პირობებში მცხოვრები ქართული მოსახლეობის უფლებების დასაცავად. მიუხედავად ოკუპაციისა, უნდა აღდგეს სკოლებში ქართულად სწავლა-განათლების მიღების საშუალება, კულტურული და რელიგიური უფლებები, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შეუფერხებელი და თავისუფალი გადაადგილების საშუალება.

- აქტიურად ვიმუშავებთ საერთაშორისო მისიებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით მონიტორინგის ეფექტიანობის გასაზრდელად.

- ოკუპაციის ხაზის გასწვრივ განვახორციელებთ ეფექტიან ღონისძიებებს მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის, უფრო ეფექტიანად აღვუდგებით წინ მავთულხლართების შემდგომ განთავსებას, ადამიანთა გატაცებას, მიწების მიტაცებას და საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებულ სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს.

- პრეზიდენტის ფონდიდან დავაფინანსებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ შეძლონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ." - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

 "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქართული სახელმწიფოს ძირითადი ამოცანაა. დეოკუპაციის წარმატებით განსახორციელებლად, “ევროპული საქართველო” საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტ აქტიურობას რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, რათა მან აიღოს საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის, სუვერენული ქვეყნის თანხმობის გარეშე მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგების დაუშვებლობის პრინციპი, და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი უკლებლივ ყველა ვალდებულება. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს. დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტებში უკვე დამკვიდრებული ტერმინის - „ოკუპაცია“ - შენარჩუნება, საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდისა და ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტების აღიარება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია პრაგმატული თანამშრომლობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან და გამყოფი ხაზების თანდათანობით გაქრობა სავაჭრო, სამედიცინო, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და ადამიანებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენის გზით. ეს ხელს შეუწყობს ოკუპაციით დაშორებული საქართველოს მოქალაქეების ურთიერთობათა გაღრმავებას და ამ მოსახლეობის ეტაპობრივ ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში. ამ კონტექტსტში მნიშვნელოვანია თავისუფალი გადაადგილების უფლების უზრუნველყოფა. ჩვენი ამოცანაა, არ გაგრძელდეს “მცოცავი ოკუპაცია”, არ გადმოიწიოს მავთულხლართები და არ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფა და უსაფრთხოების და ღირსების შელახვა. შესაბამისად, უნდა გაზიარდოს უსაფრთხოების ზომები ოკუპაციის ხაზის ჩვენს მიერ კონტროლირებად მხარეს საგუშაგოების განთავსებით და მთელი პერიმეტრის გასწვრივ პატრულირების აღდგენით. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ გააფართოვოს რაოდენობა „ოთხოზორია - ტატუნაშვილის“ სიაში მოხვედრილი ადამიანებისა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დარღვევაზე და მკვლელობებზე. საქართველოს ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს ამ სიაში მოხვედრილი ადამიანებისთვის ჩვენი პარტნიორების მიერ საერთაშორისო სანქციების დაწესება. დიდი გამოწვევაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, განსაკუთრებით კი, გალის და ახალგორის რაიონების მოსახლეობის უფლებების მუდმივი შელახვა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების უფლების მიღების ჩამორთმევა. ჩვენი მოსახლეობის უფლებების დასაცავად ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ მრავალ საერთაშორისო ინსტრუმენტს, როგორიცაა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო და საერთაშორისო სასამართლოები."- აღნიშნავს "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე.

Read 535 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი