Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018 15:36

მასწავლებელმა მოსწავლეებს თანაკლასელზე ძალადობა დაავალა - შემთხვევა გორის სკოლაში

Rate this item
(0 votes)

გორის #1 საჯარო სკოლაში მასწავლებელმა მოსწავლეებს თანაკლასელზე ძალადობა დაავალა. მასწავლებელი სკოლაში მუშაობას აგრძელებს. 

ინგლისური ენის გაკვეთილზე, დისციპლინის დარღვევის გამო მასწავლებელმა მოსწავლეებს ძალადობისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" ამავე კლასის ერთ-ერთი მოსწავლის ახლობელმა აცნობა.

"ერთ-ერთმა მოსწავლემ ქაღალდის ბურთულა ისროლა. რის შემდეგაც მასწავლებელმა მოსწავლეებს უთხრა, აიღეთ ახლა ეს დაკუჭული ქაღალდი და მაგას პირში ჩასჩარეთო. მოსწავლეებმა მისი მოწოდება გაკვეთილზე, მისი თანდასწრებითვე შეასრულეს", - უთხრა რადიო "მოზაიკას" ერთ-ერთი მოსწავლის ახლობელმა. 

შემთხვევა მეექვსე კლასში მოხდა. მომხდარის შესახებ საქმის კურსშია გორის რესურს-ცენტრი. როგორც მისმა ხელმძღვანელმა რადიო "მოზაიკას" უთხრა, მასწავლებელმა გაფრთხილება მიიღო, ხოლო მოსწავლეები ერთმანეთს დამრიგებელმა შეარიგა.

"დირექტორთან მქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია. რამდენჯერმე ვესაუბრე და დავინტერესდი, თუ რა რეაგირება მოჰყვა მისი მხრიდან ამ ფაქტს. ვიცი, რომ დამრიგებელმა ჩაატარა კლასის საათი და მოსწავლეები ერთმანეთს შეარიგა. ასევე აუხსნა, რომ ეს არის ძალადობა და ასე, არავის მითითებით არ უნდა მოიქცნენ. თავად მასწავლებელი აგრძელებს სკოლაში მუშაობას, თუმცა მან გაფრთხილება მიიღო", - გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა. 

რადიო "მოზაიკა" ცდილობს სკოლის დირექტორთან დაკავშირებას, თუმცა ეკატერინე აფხაიძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

 

 

Read 5141 times Last modified on ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018 16:04