Back to Top
სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018 17:33

მერიის თანამშრომელთა ხელფასებისთვის თანხა ყოველ წელს იზრდება

Rate this item
(0 votes)

2019 წელს მერიის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის 1 139 139 ლარით მეტი დაიხარჯება.

მომავალი წლის ბიუჯეტი, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს დაამტკიცა. გასული წლის მონაცემების მიხედვით, როდესაც მერია და გამგეობა ცალ-ცალკე ორგანოდ არსებობდა, ამ მიმართულებით გათვალისწინებული თანხები შედარებით ნაკლებს შეადგენდა.

საერთო ჯამში 2017 წელს, ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტებში ერთად 102 შტატიანი თანამშრომელი მუშაობდა, რომელთა ხელფასებისთვის გასულ წელს 1 466 413 ლარი, ხელშეკრულებით აყვანილი 20 თანამშრომლის ანაზღაურებისთვის კი 1 32810 ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 288 თანამშრომელისთვის 2 767 861 ლარი გაიწერა, 24 შტატგარეშე თანამშრომლისთვის კი - 165 498 ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის სტატუსის გაუქმების ერთ-ერთი არგუმენტი მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა იყო, საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს, მერიასა და გამგეობის თანამშრომლებზე სულ - 1 599 223 ლარი, 2018 წელს - მერიის თანამშრომელთა ხელფასებისთვის 2 933 359 ლარი დაიხარჯა, მომავალი წლისთვის კი ამ მიმართულებით გაწერილი თანხა კიდევ იზრდება და სულ 3 907 000 ლარის გახარჯვა იგეგმება. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მუნიციპალიტეტში თანამდებობრივი სარგოს ზღვრულ ოდენობას ადგენს და თანამდებობის პირებზე (მერის მოადგილეების გარდა) პრემია-დანამატის აკრძალვას გულისხმობს, მონაცემების მიხედვით, ადმინისტრაციული ხარჯები მერიაში არ დაზოგილა და კლების ნაცვლად საშუალოდ, მილიონი ლარით მატულობს.

Read 940 times Last modified on სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018 18:41