გორელი ემიგრანტები სააკაშვილთან "ერთად სახლში" დასაბრუნებლად ემზადებიან

დეკემბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ახალ წამოწყებას #ერთადსახლში გორელი ემიგრანტები ეხმაურებიან.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რადიო "მოზაიკას" რამდენიმე მათგანი სხვადასხვა ქვეყნიდან დაუკავშირდა. 

ერთ-ერთი ასეთი 57 წლის გულნაზია. ის 5 წელია თურქეთში, მოხუცს უვლის და მიღებული ანაზღაურებით გორში მცხოვრებ ობოლ, არასრულწლოვან შვილიშვილებს ინახავს. 

"მშობლები ავარიაში დაეღუპათ. სხვა გზა აღარ მქონდა. აქ წამოვედი 2013 წელს.  რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში სააკაშვილის განცხადება ვნახე და მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიციაც ამასთან დაკავშირებით - ადგილზე უნდა გვქონდეს შესაბამისი პირობები რომ საზღვარგარეთ წასვლაზე აღარ ვიფიქროთ. ამიტომ ჩვენ ყველა ერთად უნდა დავბრუნდეთ სახლში და მოვითხოვოთ გვაცხოვრონ ჩვენ ქვეყანაში", - ამბობს გულნაზი.

კიდევ ერთი ემიგრანტი, რომელსაც სამშობლოში მესამე პრეზიდენტთან ერთად დაბრუნება სურს 36 წლის ხათუნაა. ის საბერძნეთშია წასული. 

"სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა. პირადად მე გავუწევ ორგანიზებას ხალხის მობლიზებას, ჩემს გარშემო ქართველი ქალები ვინც არიან და ერთად დავბრუნდებით თუ ეს წამოწყება რეალურად განხორციელდება. აქ არავის უნდა ოჯახიდან მოწყვეტა. ყველას ჩვენი შვილები გვენატრება მათთვის ვართ სწორედ აქ”, - გვითხრა ხათუნამ.

როგორ მოხდება ემიგრანტების მობილიზება და კონკრეტულად როდისთვის შეძლებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ერთად საქართველოში ჩამოსვლას? - ეს არის ის მთავარი კითხვები, რომელზე პასუხებიც გორელ ემიგრანტებს აინტერესებთ. 

როგორც ისინი ამბობენ,  ემიგრანტები შინ დაბრუნებაზე ხშირად საუბრობენ და მათი ნაწილი არსებულ რეალობაში სწორედ მთავრობას ადანაშაულებს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ახალი წამოწყების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში 25 დეკემბერს გაავრცელა. 

"ყველა პატრიოტ ემიგრანტს, ყველა გულანთებულ თანამემამულეს. მოგიწოდებთ აიტაცოთ და მხარი დავუჭიროთ ამ უმაგრეს წამოწყებას . უცხოობაში გადახვეწილმა უნიჭიერესმა ხალხმა უკვე გააწნა ალიყური ქურდულ, მაფიოზურ და დანაშაულებრივ რეჟიმს. ჩვენ დიდი ის ძალა ვართ, რომელიც აზვირთდება ტალღებად და სულ მალე წალეკავს ბოროტებას . ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს და გაზაფხულზე ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას ჩვენს საყვარელ სამშობლოში"! - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

Read 18985 times Last modified on Last modified on დეკემბერი 27 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი