ხუბულური: თუ კანაფის კულტივაციაზე კანონპროექტი ისევ შემოვა, მე მხარს არ დავუჭერ

იანვარი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის თემის მაჟორიტარი დეპუტატი, თენგიზ ხუბულური კანაფის კულტივაციის კანონპროექტის შესაძლო ხელახალ განხილვას ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილთან ამ საკითხზე დეპუტატების შეხვედრას არ ადასტურებს.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, "კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე დირექტივებს ადგილი არ ჰქონია და ინფორმაცია, თითქოს მმართველი გუნდის დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილისგან ამ პროექტის ჩავარდნის გამო შენიშვნები მიიღეს, სიმართლეს არ შეესაბამება. კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ამ კანონპროექტს, დღის წესრიგში დაბრუნების შემთხვევაში, პარლამენტარი ამბობს, რომ ის ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრეა და მარიხუანას პლანტაციების გაშენება მისთვის მიუღებელია.

"ეს შეხვედრა არ ყოფილა და შესაბამისად ვერც დავესწრებოდი. არ ვიცი, ვინ გაავრცელა ეს დეზინფორმაცია. ეგ კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოდან გაწვეულია და არც განიხილება მისი კვლავ დაბრუნება და განხილვა. იმ შემთხვევაში, თუ მაინც განახლდა ამ საკითხზე მსჯელობა, რაც ძალიან მეეჭვება, მე მას მხარს არ დავუჭერ. ამაზე არ გვქონია მმართველი გუნდის დეპუტატებს საუბარი და ვინ რა პოზიციაზეა, არ ვიცი. ჩემის მხრივ გეტყვით, რომ მე ვარ ჯანსაღი ცხოვრების მომხრე და ეს საკითხი ჩემთვის მიუღებელია, როგორ ეკონომიკურ სიკეთეებზეც არ უნდა იყოს გათვლილი", - აცხადებს თენგიზ ხუბულური.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 იანვარს ბიძინა ივანიშვილი მმართველი გუნდის დეპუტატებს შეხვდა და მათ მიმართ უკმაყოფილება და მძაფრი რეაქცია გამოხატა იმის გამო, რომ პარლამენტმა აღნიშნული პროექტის მიღება ვერ შესძლო.

ასევე ცნობილი ხდება ივანიშვილის განცხადება, რომლის მიხედვით, ამ საკითხზე ის 2 წლის განმავლობაში მუშაობდა და ინიციატივის საზოგადოებამდე სწორად მისატანად მმართველ გუნდს უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა. ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევის შედეგად ქვეყანამ "დიდი ფული“ დაკარგა.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საექსპორტო მიზნებისთვის ქვეყანაში კანაფის კულტივაციის დაწყებას ითვალისწინებდა, მთავრობამ პარლამენტიდან ოქტომბრის ბოლოს გაიწვია. პროექტის გაწვევას წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და შს მინისტრის გიორგი გახარიას საქართველოს კათოლიკოსს პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრა. აღსანიშნავია ისიც, რომ “კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის გაწვევა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე მოხდა.

Read 890 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი