ჩიტაძე: არ შეიძლება, ერთ მუნიციპალიტეტში იყოს 138 დასახლება, საიდანაც 30 ნასოფლარი და 1 მსხვილი ურბანული ცენტრია

იანვარი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ თვითმმართველი ქალაქები უნდა აღადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დეცენტრალიზაციის პროცესი აზრს დაკარგავს.

ბოლო 10 დღის განმავლობაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრებს, რომლის ორგანიზატორიც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია იყო, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და საკუთარ შენიშვნებსა და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი და კოალიციის “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” წევრი მიხეილ ჩიტაძე ამბობს, რომ დეცენტრალიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი ტერიტორიული ოპტიმიზაცია უნდა იყოს.

“ახლა გორში ვართ და ერთ-ერთი წინააღმდეგობის ცენტრი, რომელიც თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას მოჰყვა, იყო აქ. ვლაპარაკობთ საზოგადოების მონაწილეობაზე და ამ დროს მთავრობა ძალადობით ცვლის ამ მოწყობას, არ მგონია, ეს მოქალაქეთა ჩართულობაზე კარგად აისახოს. არ შეიძლება, ერთ მუნიციპალიტეტში იყოს 138 დასახლება, საიდანაც 30 ნასოფლარი და 1 მსხვილი ურბანული ცენტრია. ვერ მოხდება ნორმალური მართვა, იმიტომ, რომ ერთი და იგივე პრობლემები, მაგალითად, წყალი, კონტექსტშივე განსხვავდება ურბანულ და რურარულ დასახლებას შორის. ერთნაირად არ შეიძლება ამ პრობლემებისადმი მიდგომა. ამიტომ არ შეიძლება ამხელა თვითმმართველი ერთეულების არსებობა ქვეყანაში. განსაკუთრებით, ეს ეხება ურბანულ და რურარულ დასახლებებს. ქალაქებისთვის თვითმმართველის სტატუსის მინიჭება რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი უნდა იყოს. მაშინ, როცა მოსახლეობა სტატუსის გაუქმების წინააღმდეგი იყო, მთავრობამ მაინც გაიტანა თავისი და მერე ნუღარ მელაპარაკებით მოქალაქეთა ჩართულობაზე და სოფლებში კრებების ჩატარებაზე”, – მიმართა ჩიტაძემ შეხვედრის ორგანიზატორებს.

გარდა ამისა, ჩიტაძე ფიქრობს, რომ თვითმმართველობებზე პოლიტიკური წნეხი უნდა მოიხსნას და ცენტრი ადგილობრივ ხელისუფლებაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს.

“პირველი, რაც უნდა მოხდეს, ისაა, რომ ცენტრიდან პოლიტიკური გავლენა უნდა შემცირდეს თვითმმართველობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერაფერს მივიღებთ და მეორე – ტერიტორიული დაყოფა, რა თქმა უნდა, კომპლექსში ფინანსურ და ქონებრივ დეცენტრალიზაციასთან ერთად,” – განაცხადა ჩიტაძემ.

Read 486 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი