რატომ უკბინა გოგონამ თანაკლასელს - სკოლის დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს

თებერვალი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, მეხუთე კლასელმა გოგონამ თანაკლასელს უკბინა - სკოლის ადმინისტრაცია ამბობს, რომ გოგონამ ამ ფორმით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაიცვა თავი.

მე - 5 სკოლის დირექტორის, ზურაბ ქარელის განცხადებით, თანაკლასელებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ერთმა მათგანმა მეორე დაფაზე კარიკატურული ფორმით დახატა. გოგონამ თანაკლასელს ნახატის წაშლა მოსთხოვა, მან კი საპასუხოდ თმები მოქაჩა. სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მე - 5 კლასელმა გოგონამ თანაკლასელს, ფაქტობრივად, თავდაცვის გამო უკბინა.

"როგორც გამოვიკვლიეთ, კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ ეს ბავშვი მისივე თანაკლასელმა დახატა კარიკატურული ფორმით. მან მოსთხოვა, რომ ნახატი წაეშალა, რაზეც უარი მიიღო და დამხატავმა, პირიქით, თმები მოქაჩა. ამ გოგონამ ფაქტობრივად თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნისას უკბინა თანაკლასელს", - გვითხრა ზურაბ ქარელმა.

ზურაბ ქარელი ამბობს, რომ გოგონა, რომელმაც თანაკლასელს უკბინა, საოჯახო ტიპის საცხოვრისში ცხოვრობს. დირექტორის თმით, მას სკოლაში ხშირად აბულინგებდნენ.

"ეს ბავშვი საკმაოდ რთულ ვითარებაში იზრდებოდა. სანამ ამ სკოლაში დავინიშნებოდი, ეს გოგონა უკვე აქ სწავლობდა. ჰქონდა ასოციალური ქცევები, მაგრამ მთელი სკოლა ვიყავით მობილიზებული, ჩემი მოადგილეები პირადად აკონტროლებდნენ სიტუაციას. სპეცმასწავლებელიც იყო ჩართული. სიტუაცია ამ მხრივ მნიშვნელოვნად გამოსწორდა", - ამბობს ზურაბ ქარელი.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ რესურსცენტრს, პოლიციას და სასწრაფო სამედიცინო სამსახურს მხოლოდ იმიტომ არ აცნობა, რომ ორივე გოგონას სკოლამ დახმარება თავად აღმოუჩინა.

"ბავშვი, რომელსაც უკბინეს, ჩემმა მოადგილემ საავადმყოფოში მიიყვანა. იქ ნახეს ექიმებმა და საშიში არაფერი იყო. უყურადღებოდ ნამდვილად არ დაუტოვებია სკოლას. ჩვენ ფსიქოლოგის მოწვევასაც ვგეგმავთ, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს", - ამბობს დირექტორი.

ბავშვი, რომელიც დაკბინეს, ამავე სკოლის დამლაგებლის შვილია. დირექტორის სიტყვებით, ის "კონფლიქტური ბავშვია".

"კონფლიქტურ სიტუაციებში ეს ბავშვი ხშირად ეხვეოდა. მის მშობელს სხვა კლასში გადაყვანაც სურდა, მაგრამ არ იყო საჭირო შექმნილიყო პრეცენდენტი, რომელიც ამ ყველაფერს გაუსვამდა ხაზს", - გვითხრა ზურაბ ქარელმა.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკური დაპირისპირება გორის მეხუთე სკოლაში, მეხუთე კლასელ მოსწავლეებს შორის მოხდა. ფაქტი დაზარალებული მოსწავლის დედამ გაასაჯაროა. ის ამავე სკოლაში, დამლაგებლად მუშაობს.

ამავე თემაზე: გორში, თანაკლასელის დაკბენის ფაქტზე სკოლამ პოლიციას და სამინისტროს არ აცნობა

Read 1145 times Last modified on Last modified on თებერვალი 07 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი