გორის სასწრაფო დახმარების სამსახურს წლის ბოლომდე ახალი შენობა ექნება - მერიამ ტენდერი გამოაცხადა

თებერვალი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურს მალე ახალი შენობა ექნება, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის 9 ბრიგადიანი შენობა, ჭონქაძის ქუჩაზე 2019 წელს აშენდება.

გორის მერიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 16 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება დღეს, 7 თებერვალს სრულდება. სამუშაოების სატენდერო ღირებულება 538`681 ლარია.

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით აშენდება. პროექტის მიხედვით, შენობის ფართობი 298 161 კვადრატული მეტრი იქნება. განხორციელდება შიდა წყალსადენისა და კანალიზაციის, ელექტრო მომარაგების, ვიდეო მეთვალყურეობის, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელის, ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების, სახანძრო სიგნალიზაციის და საქვაბის მოწყობილობის სამონტაჟო სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს ასევე, შენობის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებასა და საპარკინგე ადგილის მოწყობას", - ამბობენ მერიაში. 

ამ ეტაპზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახური განთავსებულია სუხიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, რაც თანამედროვე სტადარტების მიხედვით მიუღებელია. აღნიშნული ფართი ორგანიზაციას 2014 წლიდან აქვს ნაქირავები.

გორის მერია ფიქრობს, რომ ახალ შენობაში განთავსების შემდეგ, კიდევ უფრო გაუმჯობესდება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მომსახურეობის ხარისხი და სისწრაფე. ორგანიზაცია ემსახურება გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომლის რაოდენობაც 125 ათას ადამიანს სცილდება.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება.

Read 522 times Last modified on Last modified on თებერვალი 07 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი