ზერტის ბაღის 5 თანამშრომელს აქციაში მონაწილეობის შემდეგ ხელშეკრულებები აღარ გაუფორმეს

თებერვალი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ზერტის საბავშვო ბაღიდან 5 თანამშრომელი საპროტესტო აქციის შემდეგ გაათავისუფლეს, - უთხრეს რადიო „მოზაიკას“.

 

ერთ-ერთი, ვინც აქციის ორგანიზატორი იყო და ახლა უკვე უმუშევარია, ზერტის საბავშვო ბაღის დირექტორია. რადიო „მოზაიკა“ მარინე ტერუნაშვილს ესაუბრა. როგორც ბაღის ყოფილმა დირექტორმა გვითხრა, მათ აქცია ივლისში გამართეს და ხელისუფლებას ბაღისთვის ალტერნატიული ფართის გამონახვა მოსთხოვეს.

„ჩვენ ივნისში მოგვივიდა განცხადებები ბაღების მართვის სააგენტოდან, სადაც ეწერა, რომ რეორგანიზაცია იგეგმებოდა და ყველა თანამშრომელი გათავისუფლებულები ვიყავით თანამდებობებიდან. ეს ის პერიოდი იყო, როცა ბაღი ავარიულ შენობაში იყო განთავსებული და სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა. ჩვენ მოვაწყვეთ აქცია და მოვითხოვეთ, რომ ალტერნატიული ფართი გამოენახათ. ჩვენ ნანახი გვქონდა ასეთი შენობა, მაგრამ გვეუბნებოდნენ, რომ მისი ქირაობისთვის საჭირო თანხები არ ჰქონდათ“, - იხსენებს ტერუნაშვილი.

მისივე თქმით, აქციის გამართვიდან მალევე, ბაღების მართვის სააგენტომ შესაბამისი ფინანსები მოიძია და ბაღისთვის ალტერნატიული ფართი დაიქირავა.

„აქციიდან მალევე, დაიქირავეს ახალი ფართი და იქ განახლდა სასწავლო პროცესი. თუმცა მე და კიდევ 4 თანამშრომელს ხელშეკრულებები აღარ გაგვიფორმეს და უმუშევრები დაგვტოვეს. მე დავურეკე ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, რომელმაც მითხრა, რომ ეს მისი პირადი სურვილი და გადაწყვეტილება იყო. მერე რწმუნებულსაც ველაპარაკე და მან მითხრა, აბა, რა გეგონა, აქციებს რომ აწყობდიო“, - მოგვიყვა ბაღის ყოფილი დირექტორი.

2018 წლის ივლისში, სამსახურის გარეშე დირექტორთან ერთად, ბაღის 1 მასწავლებელი და 3 აღმზრდელის თანაშემწე დარჩა. დირექტორმა მომხდარის შესახებ სახალხლო დამცველს მიმართა.

„მე მივმართე სახალხლო დამცველს, რადგან ვფიქრობ, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა. ჩემს მაგივრად დანიშნეს ახალი დირექტორი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ჩემი 40-წლიანი გამოცდილება და ამაგი ყველამ დაივიწყა და ასე, უსამსახუროდ ვარ. სხვა სამსახურიც არ შემომთავაზეს“, - ამბობს ტერუნაშვილი.

მომხდარის შესახებ რადიო „მოზაიკა“ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ლია კოვზიაშვილს ესაუბრა. როგორც მან გვითხრა, გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა კონკრეტული კრიტერიუმები ვერ დაკმაყოფილეს.

„გეხსომებათ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბაღი იყო ავარიულ შენობაში, რის გამოც დავხურეთ. ფუნქციონირების შეწყვეტის შემდეგ, თანამშრომლებზე ხელფასები გარკვეული პერიოდი მაინც გაიცემოდა, რაც განხილვის საგანი გახდა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ დაგვეხურა ბაღი. შესაბამისად, თანამშრომლებიც გავათავისუფლეთ. ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ, ახალი საშტატო ნუსხა დავამტკიცეთ და ისინი ავიყვანეთ თანამშრომლებლად, რომლებმაც ჩვენი კრიტერიუმები დააკმაყოფილეს“, - გვითხრა ლია კოვზიაშვილმა.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, პოლიტიკური ნიშნით არავინ გაუთავისუფლებია.

Read 886 times Last modified on Last modified on თებერვალი 08 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი