მანველიშვილი მაქარაშვილზე: ღვთისმოსავი ვარ და სურვილი არ მქონია, მისთვის რაიმე მევნო

თებერვალი 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"11 თებერვალს არის ჩემი სასამართლო პროცესი, რომელსაც აუცილებლად დავესწრები", - უთხრა რადიო "მოზაიკას" გორის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ მანველიშვილმა.

მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 8 თებერვალს დატოვა. 9 თებერვალს კი შიდა ქართლის პროკურატურამ მას ბრალი ოფიციალურად წაუყენა.

"მე მყავს კერძო ადვოკატები. ხვალ იქნება სასამართლო პროცესი", - ამბობს მანველიშვილი.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ,,ბ" ნაწილით აქვს წაყენებული, რაც გულისხმობს პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, თანამდებობის გამოყენებით, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.

ამ შემთხვევაში, დაზარალებულად სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი მიიჩნევა, რომელსაც თემურ მანველიშვილმა გორის მერიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციისას, თავზე ნაგვრის ურნა ჩამოამხო. მანველიშვილმა რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას თქვა, რომ მან ამ ფორმით მაშინ საკუთარი თანამშრომლების პატივი და ღირსება დაიცვა.

"გახსოვთ ალბათ, როგორი აქციაც იყო. მოიტანეს ფურნა და საკენკი, რომელიც დაყარეს მერიის წინ. ეს იყო შეურაცხმყოფელი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი მეგობარია და ვისთანაც მე ვმუშაობ. მე რაც გავაკეთე, ეგ იყო ემოციურად აღელვებულ მდგომარეობაში მოქმედება, თორემ მე ვარ ღვთისმოსავი, მართლმადიდებელი ადამიანი და არასოდეს, არ მაქვს სურვილი, ვინმეს რამე ვავნო", - გვითხრა მანველიშვილმა.

ამავე თემაზე: აქციის მონაწილეებმა გორის მერიის წინ საკენკი და ნაკელი მიიტანეს

მანველიშვილის თქმით, მთელი ეს ამბავი ფსიქოლოგიურ სტრესს აყენებს მის ოჯახს. როგორც მერიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ამბობს, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. 

ინფორმაციისთვის, გიგა მაქარაშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. 

Read 508 times Last modified on Last modified on თებერვალი 10 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი