ძაღლი ქუჩაში - მოძალადეთა სამიზნე და პოტენციური საფრთხე

თებერვალი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: გიორგი დვალიშვილი

ქალაქის შუა გულში, ტალახში და ნაგავში ამოსვრილი, ფეხზე თოკგამობმული მკვდარი ძაღლის ნახვა ალბათ ნებისმიერი გამვლელის ყურადღებას მიიქცევდა. ერთ-ერთი ასეთი ნიკა წიქარიძე აღმოჩნდა, ვინც მსგავს სურათს ქალაქის ცენტრში ერთი თვის წინ შეესწრო - ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.

„კადრი საშინელებათა ფილმიდან არ არის, ეს გორში ხდება“, - ვკითხულობთ თანდართულ ტექსტში. ნიკას თქმით, ეს არც პირველი შემთხვევაა და ალბათ არც უკანასკნელი.

„ძალიან შემაძრწუნებელი სურათია, როდესაც ქალაქის ცენტრში მიდიხარ და ხედავ ასეთ სურათს - ტალახში ჩაგდებული მკვდარი ცხოველი. სამწუხაროა, რომ ჩვენს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამხელა აგრესია და ასეთ საშინელებას აკეთებენ. ეს ალბათ იმის შედეგიც არის, რომ ძალიან ბევრი უპატრონო ძაღლია ქალაქში“ , - ამბობს ნიკა წიქარიძე.

ცხოველებზე ძალადობის, მკვლელობისა და სადისტური მოპყრობის ფაქტები რომ მომრავლდა და პრობლემა მწვავედ დგას ქალაქის დღის წესრიგში, ამას ცხოველთა უფლებადამცველებიც აღიარებენ. ერთ-ერთი მათგანის, ირმა მთიულიშვილის თქმით, ცხოველებზე ძალადობის ფაქტები ძირითადად არასრულწლოვნების მხრიდან ფიქსირდება. ქალაქში მომრავლებული მიუსაფარი ძაღლები მოძალადეებისთვის ადვილი სამიზნეები არიან. მთიულიშვილი გამოსავალს ჰუმანური ღირებულებების დასნერგვასა და კანონმდებლობის დახვეწაში ხედავს.

„ცხოველებზე სადისტური მოპყრობის ფაქტები მხოლოდ გორში კი არა, მთლიანად საქართველოშია მომრავლებული. ძირითადად, ცხოველებზე ძალადობა მოდის არასრულწლოვნების მხრიდან. აუცილებელი არ არის ამ შემთხვევაში სახელმწიფოსკენ გავიშვიროთ ხელი, მოვუწოდებ ყველა მშობელს, სკოლას და საბავშვო ბაღს რომ ბავშვებს ასწავლონ სიყვარული. ადამიანები, რომლებიც მკვლელებად ყალიბდებიან, ისინი ძირითადად ცხოველების მწვალებლები არიან, კარგი იქნება, თუ რეგულაციები და კანონი ამ კუთხით გამკაცრდება“, - აცხადებს ცხოველთა უფლებადამცველი ირმა მთიულიშვილი.

ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა დანაშაულია. სასჯელი კი როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული კოდექსით რეგულირდება. დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, სასჯელი შეიძლება შემოიფარგლოს ფულადი ჯარიმით, ან უკიდურეს შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი, ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ გარკვეული რეგულაციების შემოღება ადგილობრივ ხელისუფლებასაც შეუძლია.

„მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საკითხი არის მოუწესრიგებელი. ერთადერთი მუნიციპალურ დონეზე ხაშურს აქვს მიღებული ამის მარეგულირებელი ნორმა, თუმცა აქაც არის გარკვეული შენიშვნები. გორის შემთხვევაში ეს საკითხი ბევრად მოუწესრიგებელია, ფაქტობრივად რეგულაცია არ ხდება“, - გვითხრეს საიაში.

გარდა იმისა, რომ ქუჩაში მომრავლებული მიუსაფარი ძაღლები მოძალადეებისთვის იოლი სამიზნეა, ამავდროულად, შესაძლოა ქუჩაში მოხეტიალე უპატრონო ძაღლები გამვლელებისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდეს. „გორმედის“ ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში ძაღლების ადამიანებზე თავდასხმის 1 035 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან მიუსაფარი ძაღლების მიერ დაკბენილი პაციენტების რაოდენობა 76-ია.

„ქუთაისში, გაზაფხულზე 24 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა ძაღლის ცოფით. ანალოგიური შემთხვევა მოხდა სამეგრელოშიც. ჩვენდა საბედნიეროდ, შიდა ქართლში არ ყოფილა ცოფით დაინფიცირების შემთხვევა. თუ კი პაციენტი დროულად მოგვმართავს გართულება არ მოხდება“ ,- ამბობს „გორმედის“ ერთ-ერთი ექიმი დავით გასიტაშვილი.

მსგავსი ისტორიების საპასუხოდ, ცხოველთა უფლებადამცველები ადამიანთა აგრესიულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. ირმა მთიულიშვილის თქმით, მოზარდების მსგავსად, იგივე ძაღლების მიმართ ნეგატიურ განწყობას ზრდასდრულებიც ხშირად ავლებენ. მთიულიშვილი დარწმუნებულია, რომ სწორედ ასეთი განწყობა ხდება მათი დაზარალების მიზეზი.

„ადამიანებს ჰგონიათ, რომ ძაღლები ქუჩაში მატ დასაკბენად დადიან. სამწუხაროდ, ბევრმა მათგანმა დღემდე ვერ მოიშორა ცხოველების შიში, რომლებიც ხშირად საკვების მოპოვების მიზნით გვედევნებიან. თუ იმას მივხვდებით, რომ ადამიანებს და ცხოველებს ერთდროულად მვიდობიანად ცხოვრება შეგვიძლია, მსგავსი შემთხვევების რაოდენობაც შემცირდება. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ზაღლი მას შემდეგ ხდება საშიში, რაც ჩვენში თავად ხედავს საფრთხეს“, - ამბობს მთიულიშვილი.

ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. მაგალითად, აშშ-ში ამ ტიპის დანაშაული ჯარიმით და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. საფრანგეთში ცხოველთა მიმართ ჩადენილი დანაშაული მაქსიმუმ 30 ათას ევროს ჯარიმით ან 2 წლამდე პატიმრობით ისჯება. რაც შეეხება საქართველოს, ცხოველთა მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირების მიუხედავად, უფლებადამცველები ამბობენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი არცერთ შემთხვევაში არ ამოქმედდა. დამნაშავეები დაუსჯელები რჩებიან.

Read 1651 times Last modified on Last modified on თებერვალი 15 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი