გორის ბაღების თანამშრომელთა ნაწილი ლია კოვზიაშვილის გადადგომას ითხოვს

თებერვალი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს თებერვლის თვის ხელფასები ჩაერიცხათ.

მიღებულმა აზღაურებამ აღმზრდელის თანაშემწეთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი რადიო "მოზაიკას" დაუკავშირდნენ და განმარტეს, რომ სააგენტო მათ დაპირდა, რომ თებერვლიდან მომატებულ ხელფასს სრულად მიიღებდნენ, თუმცა აღმზრდელების თანაშემწეებს, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მცირე ხელფასი ერგოთ. 

"ჩაგვერიცხა თებერვლის თვის ხელფასი და ველოდებოდით, რომ რაღაცას მოგვიმატებდნენ, მაგრამ მასხარად აგვიგდო ლია კოვზიაშვილმა. სამაგიეროდ, სააგენტოში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ჩვენზე ბევრად ნაკლებად არიან დატვირთულები, 1000 - ობით ლარს ურიცხავს. მოვითხოვთ, მერი, ასევე აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ სააგენტოს ფინანსური მდგომარეობით და გაარკვიონ, რაში რა იხარჯება და ხელფასებს ვინ რა დამსახურებით იღებს", - ამბობს აღმზრდელის ერთ-ერთი თანაშემწე. 

"დღეს ავიღეთ ხელფასი. 200 ლარს ვიღებდი აქამდე ახლა 230 ლარი ავიღე, ვიტირე, ისე განვიცადე. მთელი დღე 35 - 40 ბავშვი გვაბარია, ამხელა პასუხისმგებლობა, ამხელა დატვირთვა და მთელ ბაღში ყველაზე მცირე ხელფასი ჩვენ გვარგუნეს. ექთანს, მზარეულს ჩვენზე მეტი მისცეს, ჩვენ კი სააგენტო იძულებულს გვხდის წავიდეთ საერთოდ სამსახურიდან", - ამბობს ბაღის ძიძა.

"ნეტა შემოვიდეს ვინმე და დაინტერესდეს ბაღებში რა ხდება. დღეს ისეთი ამბავი იყო ძიძები ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენ ტკივილს. მთელი თვე, დღეში მინიმუმ 10 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და ყველაზე მცირე თანხით ჩვენ გვიფასებენ. მოვითხოვთ, მარტიდან შეცვალონ ჩვენი ანაზღაურება და მოამატონ როგორც დაგვპირდნენ, მინიმუმ 50-ლარით და იმ საპენსიო რეფორმას ნუ გადაგვაყოლეს. უნდა გაეთვალისწინებინათ თავიდანვე, როცა ამ დაპირებას გვაძლევდნენ და ისე ეთქვათ, რამდენი იქნებოდა მომატებული ხელფასი ძიძებისთვის", - ამბობს ერთ-ერთი ბაღის თანამშრომელი.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის ხელფასების მატება გასული წლის ბოლოს დააანონსა. ლია კოვზიაშვილი ამბობდა, რომ თითოეულ თანამშრომელს ხელფასი 50-100 ლარით მოემატებოდა. დღეს კი მათი ნაწილი სააგენტოს ერთთვიან ვადას აძლევს და აცხადებს, რომ თუ მარტიდან დაპირებული მატებით ხელფასს არ მიიღებენ, სამუშაო ადგილებს დატოვებენ და სააგენტოს ხელმძღვანელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო ფორმებს მიმართავენ.

Read 2207 times Last modified on Last modified on თებერვალი 26 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი