Print this page

პატრულის ჩვენებაში ეჭვი არ მეპარება - მოსამართლემ გორელ მოქალაქეს ჯარიმა არ გაუბათილა

მარტი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით პაპუაშვილმა მოქალაქეს პატრულის თანამშრომლების მიერ დაწერილი ჯარიმა არ გაუბათილა.

"პატრულის გადაღებულ ვიდეოში არ ჩანს დარღვევა, მაგრამ იმდენად ახლოს იყო კონტაქტი საპატრულო ეკიპაჟსა და სამართალდამრღვევს შორის, რომ შეუძლებელია მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანა", - მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ამ განმარტებით თავისი დადგენილება ახსნა, თუ რატომ არ დააკმაყოფილა გორის მკვიდრის ნ.ნ-ს საჩივარი, რომელიც გორის საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ჯარიმის გაბათილებას მოითხოვდა.

14 იანვარს ნ.ნ-ს საპატრულო პოლიცია მანქანის მართვისას მობილური ტელეფონის გამოყენებას შეედავა და 30 ლარით დააჯარიმა. მან ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრა. ნ.ნ-ს ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ალექსი მერებაშვილი იცავდა.

სასამართლო პროცესზე პატრულ ინსპექტორები - ლევან კაკაშვილი და ლაშა ჭანტურია დაკითხეს. მოსარჩელეს კითხვაზე, თუ რითი ასაბუთებდნენ, რომ სავარაუდო სამართალდამღვევს ხელში მართლაც ტელეფონი ეჭირა, კაკაშვილმა უპასუხა, რომ მარცხენა ყურთან მიტანილი ტელეფონი ანათებდა.

საწინააღმდეგო ჩვენება მისცა მისმა მეწყვილემ, ლაშა ჭანტურიამ. მან პროცესზე განაცხადა, რომ ნ.ნ-ს ტელეფონი საუბრისას არ ანათებდა.

ამასთან, ორივე პატრულ-ინსპექტორმა არ გამორიცხა ის ფაქტი, რომ სამართალდამრღვევად მიჩნეულ ნ.ნ-ს ხელში შესაძლოა არა ტელეფონი, არამედ სხვა ნივთი სჭეროდა.

საპარტულო პოლიციამ სხდომაზე ასევე წარმოადგინა პოლიციის მანქანაზე არსებული ვიდეო-კამერის 4-წამიანი ჩანაწერი. მოსარჩელემ იკითხა, თუ როგორ შეამჩნია ოთხ წამში დარღვევა პატრულმა, თანაც მაშინ, როდესაც მზის სხივები მათ სახეში სცემდათ. ამაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა, ომან ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ვითარებას ვიდეოკამერა და ადამიანის თვალი განსხვავებულად აღიქვამს.

რა კუთხიდან დაინახეს სამართალდარღვევა პოლიციელებმა, ლევან კაკაშვილმა აღნიშნა, რომ მან დარღვევა მარცხიდან დაინახა. თავდაპირველად იგივე თქვა ლაშა ჭანტურიამაც, რომელიც შემდეგ მოსამართლეს ჩაკითხვების შემდეგ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ დარღვევა მარჯვნიდან დაინახა.

მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადებისას აღნიშნა, რომ მართალია ვიდეო კამერაზე არ ჩანს დარღვევა, მაგრამ პატრულ - ინსპექტორების ჩვენებების სისწორეში ეჭვი არ ეპარებოდა.

 

 

 

Read 2567 times Last modified on Last modified on მარტი 06 2019