საოკუპაციო რეჟიმი გორის მფარველ ხატად ხსენებული ტრიპტიკონის დაბრუნებას ითხოვს

აპრილი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ე.წ სამხრეთ ოსეთი არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს დაეხმარონ ოქონის ტრიპტიკონის დაბრუნებაში, რომელიც მათი თქმით, სწორედ ცხინვალს ეკუთვნის.

"ჟენევის დისკუსიაზე ჩვენ კიდევ ერთხელ დავაყენეთ საკითხი ცხვინვალის კუთვნილების, ჩვენი სულიერი რელიკვიის - X-XI საუკუნეების ტრიპტიკონის, ხატის, რომელიც ჩვენი ადგილობრივი მუზეუმიდან მოიპარეს 1991 წელს და რომელიც ინახება საქართველოში. იმის გამო, რომ ქართული მხარე ამ საკითხზე მსჯელობას გაურბის, ოფიციალურმა სამხრეთ ოსეთმა მიმართა დისკუსიის მონაწილეებს - საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გამოუწოდონ დახმარების ხელი ჩვენი ისტორიული რელიკვიის დაბრუნების საკითხში", - ამბობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი.

იგი აღნიშნავს, რომ დისკუსიისას ე.ს სამხრეთ ოსეთის მხარემ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარმოუდგინა შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ტრიპტიკონი ე.წ სამხრეთ ოსეთის საკუთრებაა. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს უთხრეს, რომ ეს ხატი სამხრეთ ოსეთის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც 1924 წლამდე ერთ-ერთ ეკლესიაში ინახებოდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც ეკლესიები იხურებოდა აღნიშნული ხატი ბოლშევიკებმა გადაიტანეს ცხინვალის მუზეუმში.

ოსური მედიასაშუალების, "რესის" ცნობით, 1989-1992 წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს სამხრეთ ოსეთის ეროვნული მუზეუმი განადგურდა და გაიძარცვა. მაშინ უძველესი მონეტების უნიკალური კოლექცია და ცხინვალის სპილოს ძვლის ტრიპტიკონი ქრისტეს წმინდა გამოსახულებებით და ვერცხლის ჩარჩოთი, რომელიც ძვირფასი ქვებით იყო მოპირკეთებული უკვალოდ გაქრა. ხატი, მოგვიანებით, 2001 წელს ჟენევაში, კრისტის აუქციონზე გამოჩნდა. ტრიპტიკონის საწყისი საბაზრო ღირებულება 2 მილიონი დოლარი იყო, თუმცა შვეიცარიის ხელისუფლებამ ეს ხატი საქართველოს გადასცა.ოქონის ტრიპტიკონი საქართველოში 2004 წელს ჩამოიტანეს და ის თბილისის სახელმწიფო მუზეუმის საგანძურს გადაეცა.

სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, "ცხინვალის ტრიპტიკონი" ფასდაუდებელი ნიმუშია, რადგან მსოფლიოში საუკეთესო მუზეუმებში დაცული ბიზანტიური ტრიპტიკონებისგან განსხვავებით, მისმა სამივე ნაწილმა დაუზიანებლად, სრულყოფილი სახით მოაღწია დღემდე.
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ოქონის ტრიპტიკონი, მე-12 საუკუნიდან ქალაქ გორის მფარველ ხატად ითვლებოდა. ტრიპტიკონი საქართველოში ბაგრატ IV-ის მეუღლემ, დედოფალმა ელენემ მზითვად ჩამოიტანა, მე-12 საუკუნეში კი თამარ მეფემ გორში ოქონის ტაძარი ააშენა და იქ ოქონის ტრიპტიკონის დასვენება ბრძანა.

Read 402 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი