თენგიზ ხუბულური პარლამენტის წევრობის პარალელურად ა(ა)იპ - ის დირექტორია

მაისი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი, თენგიზ ხუბულური, ა(ა)იპ ძიუდოს სპორტული კლუბი "ლომჭაბუკი“-ს დირექტორია.

იურისტები თვლიან, რომ ეს თანამდებობა პარლამენტის წევრობასთან შეუსაბამოა.

თენგიზ ხუბულური სპორტული კლუბის დირექტორად 2017 წლის 17 მარტიდან ფიქსირდება. პარლამენტარი ადასტურებს, რომ ამ პოზიციას დღემდე იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ეს თანამდებობა სიმბოლურია და ანაზღაურებადი არ არის.

„სიმბოლურად არის ეს კლუბი, ახლა არაფერს არ ვსაქმიანობთ, ანაზღაურებადი თანამდებობა არ არის. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს ვხარჯავ თუ რა ? თანხების ბრუნვა რომ იყოს იქ ან სახელმწიფოს ფული იხარჯებოდეს რამე, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“, - აცხადებს თენგიზ ხუბულური.

ა(ა)იპ - ის დირექტორობას, პარლამენტის წევრობასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლექსო მერებაშვილიც და არგუმენტად, პარლამენტის რეგლამენტის მე-7 მუხლი მოაქვს, რომელიც პარლამენტის წევრის სტატუსის სხვა საქმიანობასთან შეთავსებას ეხება.

"რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრი შეიძლება ეწეოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას, იმ პირობით, თუ ეს არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. დირექტორის ფუნქცია დაკავშირებულია ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღებასთან, შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული საქმიანობა არის შეუთავსებელი პარლამენტის წევრის ფუნქციებთან.

არ აქვს მნიშვნელობა, დღეს ფუნქციას ასრულებს თუ არა ეს ა(ა)იპ - ი, ფაქტია, რომ აქტიურია შესაბამის ბაზაში, შესაბამისად უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც რეგლამენტის მე-6 მუხლი ითვალისწინებს, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყდეს, თუ კი ეწევა სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობას ან იკავებს შეუსაბამო თანამდებობას“, - აცხადებს იურისტი ლექსო მერებაშვილი.

ა(ა)იპ ძიუდოს სპორტული კლუბი "ლომჭაბუკი" 2015 წლის 16 დეკემბერს შეიქმნა. თავდაპირველად, დირექტორი გიორგი ვაზაგაშვილი იყო, თუმცა 2017 წლიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ ბაზაში დირექტორად, პარლამენტის წევრი, თენგიზ ხუბულური ფიქსირდება.

Read 708 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი