ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები ოჯახების დახმარებაში გორის მერია აღარ მონაწილეობს

გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში მუხლი(05 02) ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახების დახმარება ნული ლარით არის წარმოდგენილი. განსხვავებით გასული წლებისაგან, როდესაც 2017 წელს 24 400ლარი, 2018 წელს კი 28 600 ლარი იყო განსაზღვრული. გასული წლის შესრულების დოკუმენტში წარმოდგენილი თანხა სრულად არის ათვისებული. წელს კი შესაბამისი გრაფა ცარიელია.

რადიო მოზაიკა დაინტერესდა , კონკრეტულად რაში გაიხარჯა აღნიშნულ მუხლში გაწერილი თანხა გასულ წელს და რატომ აღარ ჩათვალა საჭიროდ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახების დახმარება.

ამ საკითხის განხილვისას 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე უკმაყოფილება, თავად ქართული ოცნების საკრებულოს წევრმა, ერგნეთში მცხოვრებმა ლია ჩლაჩიძემ გამოხატა.მისი ინფორმაციით საუბარი ეხებოდა 200 ლარიან დახმარებას, რომელიც ბუნებრივი აირის გადასახადზე კონფლიქტის ზონის აბონენტებს ერიცხებოდათ.

“ამ ხალხისთვის უნდა იყოს თანხა და არ უნდა ეძებდნენ ისინი, სხვადასხვა პროგრამაში. გასული წლებისგან განსხვავებით ამ მუხლში წელს ნული ლარია გაწერილი, რამაც ჩემი უკმაყოფილება გამოიწვია, დავსვი ეს საკითხი განხილვაზე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. წელს უკვე არაფერი შეიცვლება მომავალი ბიუჯეტისთვის აუცილებლად ისევ წამოვჭრი ამ საკითხს“, - ამბობს სამანდატო საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჩლაჩიძე

ეს საკითხი გააპროტესტა ოპოზიციამაც და მის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა. ენმ-ს წარმომადგენელი ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ გორის მერია ინიცირებას ისეთ საკითხებს უკეთებს, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს.

“იმის მაგივრად რომ გაეზარდათ თანხა ამ მუხლში წელს მთლიანად გაანულეს. ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ამ საკითხის დამტკიცებას, მართალია სოლიდური თანხა არ იყო, მაგრამ გარკვეულ შეღავათს აძლევდა კონფლიქტის ზონის თითოეულ ოჯახს. დარწმუნებული ვარ , რომ "ოცნების" დეპუტატებს, ვინც მხარი დაუჭირა ამ მუხლის განულებას წაკითხულიც არ ჰქონდათ რაზე იყო საუბარი“, - აღნიშნა ვასილისა ჯაბახიძე

საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი ზაზა ნასყიდაშვილის განმარტებით თითოეულ ოჯახზე გაცემული თანხა გასულ წელს 200 ლარს შეადგენდა წელს კი მისივე ინფორმაციით ეს დახმარება მთლიანად სახელმწიფო პროგრამებში გადანაწილდა.


“ეს დახმარება ითვალისწინებდა,ე.წ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ოჯახების გათბობის უზრუნველყოფას. ოჯახებს გადაერიცხათ თანხა 200 ლარის ოდენობით, ხოლო სადაც ბუნებრივი აირი შეყვანილი არ იყო ასეთ ოჯახებს შეშის შესაძენად გადაეცათ თანხა. ახლა მოხდა გაზიფიცირება და მთლიანად სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ სოფლების გათბობის თანხას, ამიტომ 2019 წლის ბიუჯეტში აღარ მოხდა ამ თანხის გაწერა“, - თქვა ზაზა ნასყიდაშვილმა

საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამყოფ ხაზთან მცხოვრები ოჯახები ეხმაურებიან, მათი ნაწილი არ იცნობს ბიუჯეტის იმ მუხლებს, რაც მათ დახმარებას გულისხმობდა ან მიმდინარე წელს ითვალისწინებს. რაც შეეხება გასული წლის ბიუჯეტიდან 28 600 ლარის გახარჯვას, ადგილობრივები ვერ იხსენებენ თუ როდის და რაში დაეხმარა ადგილობრივი ხელისუფლება გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ოჯახებს.

“ხელისუფლებას კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული თუ რის ფასად ვცხოვრობთ მავთულხლართებთან ახლოს და რა რისკის ქვეშ არის ასეთ სოფლებში თითოეული ოჯახი, კარგი იქნება თუ კომუნალურ გადასახადებზე მაინც მოგვეხმარებიან და პირობებს შეგვიქმნიან, რომ ასეთი სოფლები დაცლას გადაურჩეს. მე არ ვიცი რა დახმარებაზეა საუბარი ,ყოველშემთხვევაში ჩემ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლებისგან ერთჯერადადაც კი არაფერი მიუღია“, - ამბობს ერგნეთში მცხოვრები გიორგი კასრაძე

გახარჯული თანხის მიზნობრიობაზე ინფორმაციას არ ფლობს კონფლიქტის ზონის კიდევ ერთი მკვიდრი მაია ოთინაშვილი. მისი აზრით ადგილობრივი ხელისუფლებისგან მინიმალური ყურადღებაც კი მათთვის დიდი შეღავათი იქნება.

“50 ლარიც რომ იყოს გამყოფი ხაზის სოფლებში ოჯახებზე გათვალისწინებული, თუნდაც ერთჯერადად ეს ჩვენთვის რაღაც შეღავათი მაინც იქნება, ან დენის გადასახადს გადავიხდით, ან გაზის“, - თქვა მაია ოთინაშვილმა

საკითხზე განმარტებას აკეთებს გორის მერიის საბიუჯეტო საფინანსო სამსახურის უფროსი. დალი ტლაშაძის თქმით, ბიუჯეტის მუხლი - “ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახების დახმარება“, კონფლიქტის ზონაში მოსახლეობის გათბობით უზრუნველყოფას გულისხმობდა, რაშიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაც მონაწილეობდა, წელს კი ეს ვალდებულება მთლიანად სახელმწიფოს გადაეცა და ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამ მიმართულებით თანხები აღარ გაწერა.

“ეს იყო სახელმწიფო პროგრამა და ჩვენი მეშვეობით ხდებოდა მისი განხორციელება ახლა უკვე ადგილობრივი თვითმართველობისგან დამოუკიდებლად მთლიანად თვითონ უზრუნველყოფს სახელმწიფო, ამ მიმართულებით კონფლიქტის ზონის ოჯახების დახმარებას. სწორედ ამიტომ აღარ არის გაწერილი თანხები ადგილობრივი ბიუჯეტის ამ მუხლში“, - აღნიშნა დალი ტლაშაძემ

გამყოფ ხაზთან მიმდებარედ გორის მუნიციპალიტეტში 26 სოფელი ითვლება, თითქმის ყველგან გაზიფიცირება უკვე დასრულებულია, ზოგიერთ მათგანში კი ქსელზე მიერთების სამუშაოები მიმდინარეობს.

კონფლიქტის ზონაში ფიქრობენ, რომ ცენტრალურთან ერთად, მათზე მზრუნველობა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც უნდა გამოიჩინოს. ოპოზიციაში კი აქცენტს ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლზე აკეთებენ და თვლიან, რომ თანხები არასათანადოდ არის გაწერილი, რადგან მათივე აზრით ხელისუფლება უპირველეს ყურადღებას სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრებ ოჯახებზე უნდა ამახვილებდეს.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 1417 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი