Back to Top
პარასკევი, 07 ივნისი 2019 15:37

გორის წისქვილკომბინატიდან 80-მდე მუშა გაათავისუფლეს

Rate this item
(0 votes)

გორში მოქმედი წისქვილკომბინატიდან მუშები გაათავისუფლეს.

შპს „კარმენის“ თანამშრომლებს ადმინისტრაციამ ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ წერილობით უკვე აცნობა. შეტყობინების მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელის გადაწყვეტილებით, შპს "კარმენი" აჩერებს ხორბლის გადამუშავებისა და მის შედეგად მიღებული პროდუქციის, მათ შორის პურის ფქვილის რეალიზაციას, მის სფეროში მხოლოდ ხორბლის შეძენა-შენახვა რეალიზაცია რჩება.

"აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კომპანიაში არსებული საშტატო განრიგის ძირეული შეცვლა განაპირობა და დასაქმებულებთან ხელშეკრულების შეწყვეტა განაპირობა", - წერია მუშებისთვის გადაცემულ წერილობით შეტყობინებაში.

ეს არის ჩვენ აქციებსა და მოთხოვნებზე პასუხი კომპანიის წარმომადგენელთა მხრიდან, - ასე ემაურება აღნიშნულ გადაწყვეტილებას წისქვილკომბინატის პროფკავშირის თავმჯდომარე ლევან მთვარელიძე. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ ხელფასების მომატებას დაპირდნენ, თუმცა პირობა ვერ შეასრულეს და კომპანიის მუშაობის დროებით შეჩერებით მუშების გათავისუფლება გადაწყვიტეს.

განცხადება - წერილი

"როდესაც გავიფიცეთ და ჩვენი მოთხოვნები წავუყენეთ, დაგვპირდა დამსაქმებელი, რომ ხელფასებს ამ პერიოდში მოგვიმატებდნენ. მაგრამ ახლა როცა უკვე გაზრდილი ხელფასი უნდა მოეცათ, დაემთხვა ისიც, რომ 3 წლის წინ გათავისულებულმა 7-მა მუშამ კომპენსაციის მიღების მოთხოვნით სასამართლო დავა მოუგო და აღადგინეს სმსახურში. ამ ყველაფერზე საპასუხოდ კი მთლიანად გამოუშვეს მუშები, რომელთა რაოდენობა 80-ს აჭარბებს", - განმარტავს ლევან მთვარელიძე.

მისი თქმით, კომპანია სამსახურში იმ ხალხის აყვანას აპირებს, ვინც პროფკავშირის წევრი არ იქნება. 

გათავისუფლებული მუშები ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ და საკუთარი უფლებების დაცვას ისევ განაახლებენ. უახლოეს დღეებში, ისინი საპროტესტო გამოსვლებსაც არ გამორიცხავენ

Read 2228 times