Back to Top
შაბათი, 10 მარტი 2018 16:48

მოქალაქეებმა გორის დეპუტატს გენდერული კვოტირების მხარდაჭერა სთხოვეს

Rate this item
(0 votes)

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა გორის მაჟორიტარ დეპუტატს გენდერული კვოტირების მხარდაჭერა სთხოვეს. 

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით, 2017 წლის 12 ივნისს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა (Task Force) პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა, რომელმაც პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა უნდა უზრუნველყოს. დეპუტათან ერთად მოქალაქეებმა გორის "დემოკრატიის სკოლაში" სწორედ ამ ინიციატივაზე ისაუბრეს. 

დისკუსიაში კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრები იდა ბახტურიძე და ლადო ბოჟაძეც იღებდნენ მონაწილეობას. მათ საკუთარი მოხსენებებით ორ მთავარ კითხვას უპასუხეს - "რა არის კვოტირება?" და "რატომ გვჭირება ის?"

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან, საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.

"ქალებს აქვთ ბევრი კულტურული და სოციალური ბარიერი, რის გამოც, ისინი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ვერ ხვდებიან. სწორედ ამიტომაა, რომ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ეს საკითხი. ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში, რათა საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ამ სქესის წარმომადგენელთა საჭიროებების და პრობლემების გათვალისწინება", - განაცხადა გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილმა. 

წარდგენილ ინიციატივაზე საკუთარი აზრი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს. 

"ქალებს სურთ პოლიტიკაში ყოფნა. უბრალოდ, როგორც წესი, მათ წინ წასვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ ხოლმე, რადგან პარტიები უპირატესობას ყოველთვის კაცებს ანიჭებენ. არადა, ქალებს ნამდვილად შეუძლიათ პასხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს და დაკისრებული მოვალეობები პირნათლად შეასრულონ", - განაცხადა ფატი ბუხრიკიძემ, "ქალი და განვითარების" ხელმძღვანელმა. 

დისკუსიის დასასრულს მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე ქალის ჩასმას ამ ეტაპისთვის არ ემხრობა. 

"ნაწილობრივ ვუჭერ ამ ინიციატივას მხარს. მგონია, რომ აჩქარება არ ივარგებს. სჯობს, დაველოდოთ, ყველაფერი ბუნებრივად როდის მოხდება. მე პირადად, 20-30%-იანი მონაწილეობის მომხრე ვარ დ ამას დავუჭერ მხარს", - განაცხადა მაკრახიძემ

კანონპროექტის განხილვა 21 მარტს არის ჩანიშნული. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ინიციატივას უმრავლესობის წევრებიც ემხრობიან.

დევანდელი დისკუსია “აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის” (EECMD) ორგანიზებით გაიმართა. 

Read 1793 times Last modified on შაბათი, 10 მარტი 2018 21:36