ჩაგუნავების ხუთსულიან ოჯახს მოქალაქეები დაეხმარნენ

მარტი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ჩაგუნავების ოჯახს მოქალაქეები დაეხმარნენ. ერთი კვირის განმავლობაში შეგროვებული ტანსაცმელი, სათამაშოები და სასურსათო პროდუქტები საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორებმა სოფელ ფლავში მცხოვრებ ოჯახს დღეს ჩაუტანეს. 

დედა და ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ხუთსულიან ოჯახს ქირის ფულს სახელმწიფო უხდის. ფიქრია ჩაგუნავა გვიყვება, რომ მისი მეუღლე ერთ წელზე მეტია, რაც პატიმრობაში იმყოფება.

"დალხენილი ცხოვრება არასოდეს გვქონია, თუმცა ბოლო 1 წელია, პრობლემებს ვეღარ ავუდივარ", - ამბობს ფიქრია.

მარტოხელა დედა თვიდან თვემდე თავის გატანას სოციალური დახმარებით ცდილობს. ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ფეისბუქში გამოქვეყნებულ ვიდეოში უფროსი შვილი ბაჩო ჩაგუნავა ამბობდა, რომ დედა მათ გამოკვებას ყოველდღე მხოლოდ პურით ცდილობს; რომ ყველაფერს მოკლებულები არიან; რომ არ იციან, პრობლემებს როგორ გაუმკლავდნენ. 

ვიდეოს გავრცელების შემდეგ, გორელმა ახალგაზრდებმა ოჯახის დახმარება გადაწყვიტეს. ერთ-ერთი ინიციატორი ნინო ოქროპირიძეა.

"ვიდეოს ნახვის შემდეგ, დავფიქრდი, რისი გაკეთება შემეძლო. მივხვდი, რომ ეს კითხვა სხვა ადამიანებსაც გაუჩნებოდათ და ამიტომ გადავწყვიტე, პატარა საქველმოქმედო აქცია დამეგეგმა. აღმოჩნდა, რომ ეს იდეა ჩემს მეგობრებსაც ჰქონდათ", - ამბობს ნინო. 

საჩუქარი

მან და მისმა მეგობრებმა საკუთარი იდეის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქით გაავრცელეს. დახმარების სურვილი არაერთმა ადამიანმა გამოთქვა. შედეგად, ჩაგუნავების ოჯახისთვის შეგროვდა ტანსაცმელი, სათამაშოები, საყოფაცხოვრებო ნივთები და სასურსათო პროდუქტებიც. 

"შეგროვებული თანხის ნაწილი, 200 ლარი, პირადად გადავეცით. ჩავთვალეთ, რომ სჯობდა, ის საკუთარი სურვილისამებრ დაეხარჯათ", - განმარტავს ნინო.

ის და მისი მეგობრები მომავალში კიდევ ორი ოჯახის დახმარებას გეგმავენ. 

 

 

Read 1250 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი