მორგოშიას საეჭვო წვლილი საქართველოს მოქალაქეთა განთავისუფლებაში

მარტი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე გუშინ გაათავისუფლეს. დღეს კი მსჯელობა იმაზე გრძელდება, თუ ვისი და რა ფორმით ჩარევის შედეგად მისცა დე ფაქტო ხელოსიუფლებამ ქუტაშვილსა და პავლიაშვილს ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლება. 

"ქართული მარშისა" და "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი წარმომადგენელი კონსტანტინე მორგოშია საკუთარ ფეისბუკ -გვერდზე მომხდარში საკუთარ წვლილზე წერს. ის ორი დღის წინ გადაღებულ ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც ქუტაშვილისა და პავლიაშვილის პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს აჩვენებს და განმარტავს, რომ მეტეო-პირობების გაუარესების გამო, საბუთების დანიშნულების ადგილამდე ჩატანა გაჭიანურდა. 

ვინ რა ვითარებაში და რა პირობებით გადასცა მას აღნიშნული პირების დოკუმენტაცია, უცნობია, თუმცა მორგოშია, როგორც ვიდეოში აანონსებდა, ამ საბუთების ადრესატამდე მიტანის შემდეგ, ქუტაშვილი და პავლიაშვილი ახალგორის დატოვებას ნებისმიერ წუთს შეძლებდნენ.

"მათ ჩამორთმეული ჰქონდათ მხოლოდ "პროპუსკები". ქართული პირადობის მოწმობები მათ თან ჰქონდათ. რა წამს ამ "პროპუსკებს" მიუტანდნენ, უკვე მათი გადასაწყვეტი ხდებოდა, როდის გადმოვიდოდნენ ჩვენს ტერიტორიაზე. პარტია არაფერ შუაშია. ჩვენ გვყავს იქითა მხარეს ახლობლები, რომლებიც დაგვეხმარნენ", - განმარტა მორგოშიამ. 

მორგოშიას მიერ ამ ინფორმაციის გავრცელებამ საზოგადოება სხვადასხვა ვერსიაზე აალაპარაკა. ნაწილის აზრით, პრორუსული პოლიტიკური ძალა ამ ამბით ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ რუსეთთან დიალოგის გზით, ეფექტიანი შედეგის მიღწევა შესაძლებელია. 

აღსანიშნავია, რომ მას დაბაში შესვლამდე 3 საგუშაგოს გავლა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევდა. მათ შორის, ადგილობრივი პასპორტისაც. ქართული, რუსული და ოსური გამშვები პუნქტის გავლა და მისი ახალგორში ჩასვლა შეფერხებების გარეშე სხვადასხვა სახის ეჭვებს იწვევს. ცხინვალში ამბობენ, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის ნებართვის გარეშე, მორგოშია ადგილზე ვერ ჩავიდოდა და ქუტაშვილისა და პავლიაშვილის საბუთებს ხელში ვერ ჩაიგდებდა.

"ჩვენი ახლობლები ვაჭრობენ ახალგორში, და ვიცი, რომ მთელი პროცესების გავა უწევთ საგუშაგოებზე. ეს გადასვლა-გადმოსვლა ასეთი მარტივი არ არის. ან ერგნეთის მხრიდან უნდა გადასულიყვნენ, ან ზნაურის და ან ახალგორის. ვერც ერთი გზის გავლას ქართული მხარის ნებართვის გარეშე ვერ შეძლებდნენ", - უთხრა "მოზაიკას" სანდო წყარომ ცხინვალიდან. 

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს დაკავებულმა ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება 17 დღის შემდეგ შეძლო. მათი გამოკითხვა წუხელის მცხეთის პოლიციაში მიმდინარეობდა. მათი გათავისუფლების შესახებ სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი პირები გუშინ აცხადებდნენ რომ ეს ფაქტი, ქართული ხელისუფლების აქტიური მუშაობის შედეგია.

Read 1076 times Last modified on Last modified on მარტი 12 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი