"მხარი დაუჭირეთ თანასწორობას პოლიტიკაში" - მოქალაქეების მიმართვა დეპუტატებს

მარტი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პოლიტიკაში ქალთა ჩათულობის გასაზრდელად, პარლამენტში საკანონმდებლო ინციატივაა წარდგენილი. ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა მინიმუმ 26% იქნება. გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკაში თანასწორობის მიღწევის მომხრეა. 

გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები შიდა ქართლის რეგიონის მაჟორიტარ-დეპუტატებს გენდერული კვოტების მხარდაჭერას სთხოვენ. მოთხოვნას სამოქალაქო საზოგადოება მიმართვის სახით ავრცელებს.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს პლენარულ განხილვაზე მხარი დაუჭიროს 37,455 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიზანიც ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა“, - ნათქვამია მიმართვის ტექსტში.

IMG 7723

 

2017 წლის 12 ივნისს, 37,455-მა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიული სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი. შემოთავაზებული მოდელი გენდერული კვოტირების დროებითი სპეციალური ღონისძიების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.

„მოვუწოდებთ პარლამენტს დროულად განიხილოს საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე. უმნიშვნელოვანესია, ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა გამოავლინონ ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის მკაფიო პოლიტიკური ნება და დაუჭირონ მხარი საქართველოს მოქალაქეთა საკანონმდებლო ინიციატივას“, - ვკითხულობთ მიმართვაში.

საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა იქნება მინიმუმ 26%.

 

თანასწორობა პოლიტიკაში და დღევანდელი რეალობა

საქართველოში მოსახლეობის 52.3% ქალია, თუმცა არჩევით თანამდებობებზე ქალების წარმომადგენლობა შეუსაბამოდ დაბალია. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალებმა მანდატების მხოლოდ 16% მოიპოვეს, ხოლო საკრებულოებში არჩეული დეპუტატების 13.46%-ია ქალი. ამ მაჩვენებლებით, საქართველო ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით განვითარებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

მიუხედავად უკანასკნელ წლებში არჩეულ ქალთა რაოდენობის მცირე ზრდისა, არსებული ტემპებით საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას ათეული წლები დასჭირდება.

 

Slide5

 

ბარიერები ქალებისთვის

გამოცდილება აჩვენებს, რომ ქალებს არჩევნებში კანდიდატებად დასახელებისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, სოციალური და ეკონომიკური ბარიერების გადალახვა უწევთ.

ქალთა წარმომადგენლობას ხელს არ უწყობს საქართველოში დღეს არსებული შერეული საარჩევნო სისტემაც. 

არსებული ბარიერების დაძლევა თანასწორობის უზრუნველსაყოფად ქმედითი ზომების გატარებას მოითხოვს. პროპორციულ საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირება, სწორედ საკანონმდებლო, დროებით ზომას წარმოადგენს ქალთა და მამაკაცთა პოლიტიკაში თანასწორი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

 

Slide28

 

მოქალაქეთა განწყობა

გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალების რაოდენობა პარლამენტსა და თვითმმართველობის ორგანოებში ძალიან ცოტაა და მხარს უჭერს სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებას, რაც 37 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერითაც დასტურდება. 

 

თანასწორობის უზრუნველყოფა, როგორც ნაკისრი ვალდებულება

საქართველოს სახელმწიფომ 2017 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, ქალთა და მამაკაცთა შორის უთანასწორობის აღმოფხვრისა და არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფის, მათ შორის განსაკუთრებული ზომების გატარების, ვალდებულება, აიღო. 

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ვალდებულება არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, მათ შორის „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციიდან. კონვენციის ფარგლებში არსებული კომიტეტის რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს მიერ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენის შემდეგ შემუშავდა, აღნიშნულია, რომ საქართველოს ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას გენდერული თანასწორობის განსამტკიცებლად. მათ შორის, მიიღოს სავალდებულო ზომები ქალთა ჩართულობის გაზრდისთვის.

უფრო მეტიც, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი 2017-2020 შეიცავს ახალ ვალდებულებას საქართველოსთვის, გადადგას აქტიური ნაბიჯები პოლიტიკურ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად.

 

https://soundcloud.com/vxjkqt4byjwr/tnwbfgjmcjhj

 

Read 1606 times Last modified on Last modified on მარტი 16 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი