mukilurji640X90

21 მარტი, დაუნის სინდრომი და სოციალური პოლიტიკა გორში

მარტი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ამ დღეს გორში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ, თუმცა საინტერესოა, რა კეთდება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის მთელი წლის განმავლობაში.

 

დაუნის სინდრომის მქონე რამდენი ადამიანი ცხოვრობს გორის მუნიციპალიტეტში, უცნობია. ზუსტი სტატისტიკა არც მერიას და არც ამ ადამიანებთან მომუშავე ორგანიზაციებს არ აქვთ. სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ ინფორმაცია მხოლოდ იმ ადამიანებზე აქვთ, ვინც მათ საკუთარი ინიციატივით მიმართა. 

საიას გორის ოფისში ამბობენ, რომ სოციალური პოლიტიკის სწორად განსასაზღვრად, საჭიროა, სახელმწიფომ იცოდეს, რამდენ ადამიანს და რა სახის დახმარება სჭირდება. 

„სახელმწიფოს აქვს ვალდებულება დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლებები. ეს ეხებათ სპეციალური საჭიროების მქონე პირებსაც. ამ კატეგორიას წარმოადგენენ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებიც. სახელმწიფო ვალდებულია, იცოდეს მათი პრობლემები, საჭიროებები და საკუთარი სოციალური პოლიტიკა შესაბამისად დაგეგმოს“, - განმარტავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

სტატისტიკური მონაცემების გარეშე, ადგილობრივ ხელისუფლებას მიღებული აქვს დადგენილება, რომლითაც დაუნის სინდრომის მქონე პირთა საჭიროებების დაკმაყოფილებას ცდილობს. 

 

ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და ფენილკეტონურიით დაავადებული ადამიანების სოციალური დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, - ვკითხულობთ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც სოციალური დახმარების გაცემის წესს განსაზღვრავს.

აღნიშნული დოკუმენტი სამედიცინო სტაციონალური, ამბულატორიული მომსახურების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსებასაც ითვალისწინებს, ერთჯერადად, 500 ლარის ფარგლებში.

„გარდა ამისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ გორში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ჩვენი თანადაფინანსებით ისინი ახორციელებენ პროგრამას, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე 13 ადამიანია ჩართული“, - განმარტავს სოციალური სამსახურის უფროსი დავით ჩიხრაძე.

საუბარია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამაზე, რომელსაც მერია ყოველწლიურად 62 000 ლარს ურიცხავს.

„ამ თანადაფინანსებით ჩვენ ვამუშავებთ დღის ცენტრს, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის, ცერებრალური დამბლის, აუტიზმის მქონე პირებთან ერთად, გვყვავს დაუნის სინდრომის მქონე ადმიანებიც. ისინი მთელი დღე არიან ჩვენთან, იღებენ განათლებას, სარგებლობენ სხვადასხვა მომსახურებით. გვყვავს ლოგოპედი, მასაჟისტი“, - გვიხსნის ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი ფიქრია ბრეგვაძე.

ორგანიზაციას დღის ცენტრი 2009 წლიდან აქვს. საკუთარ ბენეფიციარებს „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ სხვადასხვა დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებშიც რთავს. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება 21 მარტს არის დაგეგმილი.

„21 მარტს, 16:00 საათზე, გორის ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში გეპატიჟებით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია „რას ვმატებ საზოგადოებას“. ჩვენც ვუერთდებით აღნიშნულ კამპანიას და საშუალებას გაძლევთ, შეუერთდეთ თქვენც!“, - ნათქვამია ღონისძიების მოსაწვევში.

mosawvevi 21 martis gonisdziebaze

 

 

ცოტა რამ 21 მარტისა და დაუნის სინდრომის შესახებ

დაუნის სინდრომის ქონისას, ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

სინდრომი პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა. მან 1866 წელს ინგლისში გამოაქვეყნა ესსე, სადაც აღწერა იმ ბავშვების ჯგუფი, რომლებიც საერთო ნიშნით გამოირჩეოდნენ დანარჩენებისაგან.

პირველად დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ - 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე, ტრისომიულ მოვლენას.

21 მარტს ეს დღე საქართველოშიც აღნიშნება, ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება.

ამ სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიას არაერთი დაუნის სინდრომის მქონე წარმატებული ადამიანი ახსოვს. 

Read 814 times Last modified on Last modified on მარტი 21 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი