„ტატუნაშვილის რეზოლუცია“ საკანონმდებლო ორგანოში

მარტი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

19 მარტს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს და ერთხმად მიიღეს კიდეც საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ თაობაზე.

 

წინ პარლამენტის სესიაა, სადაც რეზოლუცია უნდა დაამტკიცონ. საუბარია რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე, რომელზეც უმრავლესობა და უმცირესობა ბოლო დღეების განმავლობაში მსჯელობდა.

უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, 19 მარტს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ ერიდება მკაცრი შეფასებების ჩაწერას ამ რეზოლუციაში.

„მიუხედვად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რაც მის შესაძლებლობებში იყო, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან გაისმა მკვეთრი განცხადებები, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერაც არ გადაუციათ მისი ოჯახისთვის“, - თქვა თალაკვაძემ.

მანვე დეპუტატებს შესთავაზა, რეზოლუციის ტექსტს, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის გარდა, დავით ბაშარულთან დაკავშირებული ჩანაწერიც დაემატოს. დავით ბაშარული 2014 წელს გაუჩინარდა დაა მოგვიანებით ისიც გარდაცვლილი იპოვეს.

არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.

პარლამენტი ასევე მიმართავს მთავრობას, მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.

ამ რეზოლუციით პარლამენტი გმობს: „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაციას“... 


საერთაშორისო თანამეგობრობას კი მოუწოდებს მიიღოს ზომები, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადმოეცეს და საქართველოს ხელისუფლებას მიეცეს მისი გარდაცვალების ფაქტზე საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობა. რეზოლუციაში კიდევ არაერთი პუნქტია, რომლის ადრესატიც არის საქართველოს მთავრობა, რუსეთის ფედერაცია და საერთაშორისო თანამეგობრობა.

რეზოლუციის პროექტს კენჭი ეყრება 21 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

Read 1018 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი