ომბუდსმენი ცხინვალის იზოლატორში პატიმრების ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია და ვიდეო მასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობას", - ასე ეხმაურება ცხინვალის "დროებითი მოთავსების იზოლატორში" პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია.

ომბუდსმენის თქმით, "წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება მოქალაქეთა დაკავებები საოკუპაციო ხაზზე, პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში".

"სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ სწორედ ცხინვალის იზოლატორში გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, რაც სავარაუდოდ მის მიმართ განხორციელებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგი იყო. ცხინვალის ციხესა თუ იზოლატორში პატიმართა გაუსაძლის მდგომარეობაზე სახალხო დამცველი წლებია თავის ყოველწლიურ ანგარიშებში საუბრობს. ასევე შეძლებისდაგვარად ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს რათა მაქსმალურად მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმძიმესი მდგომარეობის შესახებ", - აცხადებს ლომჯარია.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ შექმნილი მძიმე ვითარება და გავრცელებული კადრები, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ საშუალება დააკვირდნენ და შეისწავლონ ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევები კონფლიქტურ რეგიონებში.

"ამასთან საგულისხმოა, რომ წამების შემთხვევებზე ნებისმიერი სახელმწიფო უფლებამოსილია გამოიძიოს, ბრალი წაუყენოს, დასაჯოს ან ექსტრადირება განახორციელოს წამებაში ეჭვმიტანილი პირის, თუ ასეთი პირი მისი იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდა დანაშაული, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დამნაშავე ან მსხვერპლი", - აცხადებს ლომჯარია.

საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოზე, რომელიც საერთაშორისო სამართლით ვალდებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვა.

"სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ადამიანის უფლებათა დაცვით საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, არ დაიშუროს ძალისხმევა აღნიშნულ ფაქტზე ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის უზრუნველსაყოფად; ასევე, უფრო მეტად გააქტიურდეს მოლაპარაკებები ოკუპირებულ ტეროტორიებზე ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით", - აცხადებს ლომჯარია.

Read 124 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი