"ევროპა წიგნის სიყვარულია" - საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის ბავშვებს წიგნები ჩაუტანეს

დეკემბერი 03 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლები ჩავიდნენ და ბავშვებისთვის წიგნები ჩაიტანეს.

წითელუბნის სკოლის ბიბლიოთეკა საბავშვო და მხატვრული ლიტერატურით შეივსო.

პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში ამბობს, რომ ამ საქველმოქმედო აქციას უწოდეს „ევროპა წიგნის სიყვარულია“

„ჩვენ ვაგროვებთ რესურსებს, ვყიდულობთ წიგნებს, ჩამოგვაქვს და ვჩუქნით ბავშვებს. განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ იმ ბავშვებს, რომლებიც ასეთ რთულ ვითარებაში ცხოვრობენ. აქ ცხოვრება არ არის იოლი. ეს მხოლოდ სახელმწიფოს საქმე არ არის, ეს თითოეული ჩვენგანის მორალური ვალია, რომ პატარა კენჭი დავდოთ განვითარებისთვის“.

ამჟამად წითელუბნის სკოლაში 48 ბავშვი სწავლობს. ესაა საბაზისო სკოლა, მცირე შენობით. ბიბლიოთეკაც პატარაა და წიგნადი ფონდიც მწირია.

ეს სოფელი იმითაა განსაკუთრებული, რომ ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ ქართველები, ოსები, აჭარელი ეკომიგრანტები და რეპატრირებული მესხები.

სკოლის დირექტორი ლამზირა მუზაევი აცხადებს, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით სკოლის წიგნადი ფონდი ივსება და ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლის ბავშვებისთვის ეს მნიშვნელოვანი საქმეა.

„უძვირფასესი საკითხავი ლიტერატურა მოგვიტანეს, ეს ლიტერატურა ჩვენს სკოლას და ბავშვებს ესაჭიროებოდათ. ეს არის ძალიან კარგი მოსწავლეებისთვის, გაზრდის ინტერესს წიგნის მიმართ, კითხვის მიმართ. შეიძენენ ამით ცოდნას და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ გავზარდოთ განათლებული ახალგაზრდები“.

ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მსგავს აქციებს მომავალშიც მოაწყობენ.

Read 79 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი