მერია გორის ციხის რეაბილიტაციას გეგმავს

მარტი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

გორის ციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის საჭიროებაზე, საჯარო და სამოქალაქო სექტორი უკვე აქტიურად საურობს. 

ზოია ცუცქირიძე გორის ციხესთან ცხოვრობს. ამბობს, რომ ძეგლი ნაწილებად იშლება და ლოდები მისი და მისი მეზობლების ეზოებში ცვივა. მისი ოჯახი გორის ციხის რეაბილიტაციის დაწყებას ელოდება. 

"40 წელია აქ ვცხოვრობ და სულ ეს პრობლემაა. არავის უცდია ამ პრობლემის მოგვარება. ყოველდღიურად ცვივა ქვები და დიდი ნაწილი ჩემს სახლის უკან არის მოგროვილი. აუცილებელია, სპეციალისტების მიერ შემოწმება და გორის მერიამ ეს უნდა გაითვალისწინოს", - ამბობს ზოია ცუცქირიძე.

გორის ციხის რეაბილიტაცია, კონსტანტინე თავზარაშილის თქმით, აპრილში დაიწყება. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა თქვა, სპეციალურმა კომისიამ არსებული მდგომარეობა უკვე შეისწავლა.

 

"მოეწყობა სპეციალური დამცავი ბადეები, რომელიც მოსახლეობას დაიცავს იმ საფრთხისგან, რაც ქვების ცვენას შეიძლება მოჰყვეს", - განმარტავს თავზარაშვილი. 

რადიო "მოზაიკასთან" ქალაქის მერი იმ სამუშაოებზეც საუბრობს, რომლებსაც რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს. 

"ამ ძეგლის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია ქალაქის ტურისტული განვითარებისთვისაც. რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე 350 000 ლარი დაიხარჯება. ამ თანხით დამცავ ბადეებს მოაწყობენ, რაც ციხის კედლებიდან ჩამოშლილი ქვების ცვენას შეაჩერებს. შემდეგ კი, ძველი სარდაფის აღდგენა და ბუნკერის ეთნოგრაფიულ მუზეუმად გადაკეთება მოხდება. მანამდე კი, გორის ციხეზე არქეოლოგიური გათხრების დაწყება იგეგმება", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა. 

"მოზაიკას" კითხვას, როგორ აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება ამ პროექტის განხორციელებას ძეგლზე, რომელიც მის საკუთრებას არ წარმოადგენს, თავაზარაშვილმა ასე უპასუხა: 

"ჩენ ვფიქრობთ, რომ გორი ციხე უნდა გადმოვიდეს მუნიციპალიტეტის ბალანსზე, რადგან მისი მოვლა-პატრონობა ასე უფრო გამარტივდება. გარდა ამისა, ამით საშუალეაბა გვექნება ტურისტული თვალსაზრისით განვავითაროთ".

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი, ამ დრომდე  ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული, ძეგლთა დაცვის სააგენტოს ბალანსზეა. ძეგლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოტანის საჭიროებაზე, თვეზე მეტია, აქტიურად საუბრობს სამოქალაქო სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ამ მიზნის მისაღწევად პეტიციის ტექსტიც შეიმუშავა. 

ამავე თემაზე: გორის ციხე გადმოვიდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში - პეტიციის მზადება გორში

„გორის საზოგადოების დიდი ნაწილი შეწუხებულია გორის ციხის მდგომარეობით. ფაქტიურად, არ ხდება ძეგლის დასუფთავება და შეკეთება. ქალაქი ვერ იყენებს იმ დიდ ტურისტულ პოტენციალს, რომელიც ციხის გონივრულ გამოყენებას შეიძლება მოყვეს“, - ნათქვამია ტექსტში.

ავტორები პეტიციას ახალ პლატფორმაზე - ichiange.gov.ge - განათავსებენ, სადაც მოთხოვნის მხარდაჭერა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.

 

 

Read 1806 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი