Back to Top
სამშაბათი, 10 დეკემბერი 2019 14:05

მაკრახიძე ჟურნალისტზე: თუ მიჩივლებს, მეც ვუჩივლებ იმ შეურაცხყოფაზე, რაც მომაყენა

Rate this item
(0 votes)

გორის ცენტრში გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილე პირველ კომენტარს რადიო "მოზაიკასთან" აკეთებს.

ალექსანდრე მაკრახიძე ირწმუნება, რომ შეურაცხყოფა თავდაპირველად ჟურნალისტმა მიაყენა, თუმცა ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა, როგორც თავად ამბობს ტელევიზიას არ გაუშუქებია.

მაკრახიძის განცხადებით, ჟურნალისტმა ეთერში მხოლოდ ის მასალა გაუშვა, რაც მის ინტერესებში შედიოდა. ალექსანდრე მაკრახიძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი ახალკაცს თვითმხილველებთან ერთად სასამართლოს დარბაზში შეხვდეს.

"მე მყავს თვითმხილველები, რომ შეურაცხყოფასა და პროვოკაციებზე თვითონ ჟურნალისტი მოდიოდა. თუ მიჩივლებს მეც ვუჩივლებ იმ შეურაცხყოფასა და პროვოკაციებზე, რაც მან მოახდინა ჩემს მიმართ. შეგნებულად გამაღიზიანა, მდგომარეობიდან გამომიყვანა. მე არაფერი დამიშავებია, რა გავაკეთე ისეთი. როგორც თვითონ ამბობს ქვა მესროლაო, ტყუილია, ბიტონის ნაჭერი იყო, ის რომ ავიღე ხელში დამეფშხვნა და ისე გავიქნიე ხელი.მოვიდა დამიწყო, შენ პარლამენტარის ძმა ხარო, მე ვუთხარი მე კი არა, ისაა ჩემი ძმა მეთქი. მერე დამიწყო თბილისში ხომ არ მიდიხარ 14 - შიო. ვუთხარი, მე არ გაძლევ კომენტარს შემეშვი მეთქი, გამომიყვანა მდგომარეობიდან", - გვითხრა მაკრახიძემ.

ალექსანდრე მაკრახიძე ამ დროისთვის, ისევ კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილეა და როგორც ამბობს, მომხდართან დაკავშირებით ხელმძღვანელისგან შენიშვნა არ მიუღია.

შსს-სთვის გიორგი ახალკაცს ამ დრომდე არ მიუმართავს და როგორც ჟურნალისტი ამბობს, არც აპირებს.

ახალკაცი აცხადებს, რომ პარლამენტარის ძმა თავიდანვე აგრესიულად შეხვდა, ყელის გამოჭრით დაემუქრა და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. ჟურნალისტსა და ალექსანდრე მაკრახიძის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო მასალა გუშინ საღამოს გავრცელდა.

Read 186 times