სკოლა სხვა სკოლაში

მარტი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

პატარა მეჯვისხევში სკოლა არ არის. მეჯვრისხევის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი, მეორე წელია, აძვის საჯარო სკოლაში, მეორე ცვლად არის დამატებული.  

პატარა მეჯვრისხევში სკოლის აშენებას უკვე 2 წელია ელიან. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან ოფიციალური წერილი მიიღეს, რომლის მიხედვით, მიმდინარე წელს სოფელი სკოლის ახალი შენობა უნდა აშენებულიყო. ელენე ხუციშვილი ამბობს, რომ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სკოლის მშენებლობისთვის ტერიტორიაც შეარჩია.

„2016 წლიდან, როცა დაიწყო საუბარი ახალ სკოლასთან დაკავშირებით და სამხარაულის ექსპერტიზამ დადო დასკვნა, რომ სკოლის შენობაში, სადაც მანამდე ვსწავლობდით, არ შეიძლებოდა სასწავლო პროცესის განხორციელებულიყო, გადმოგვიყვანეს სოფელ აძვის სკოლაში და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა სამუშაოები. სკოლის კუთვნილი ორი ნაკვეთი გაგვაერთიანებინეს, რომელზეც ახალი სკოლა უნდა აშენებულიყო", - განუმარტა რადიო "მოზაიკას" ელენე ხუციშვილმა. 

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სკოლის მშენებლობის შესახებ ოფიციალური წერილი გასული წლის დეკემბერში მიიღო:

„2017 წლის 28 დეკემბერს ინფრასტრუქტურის სააგენტოდან მოგვივიდა წერილი, სადაც ეწერა, რომ 2018 წლის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იყო პატარა მეჯვრისხევის სკოლის შენობის პროექტირება და მშენებლობა. ჯერ კიდევ დეკემბერში გვწერდნენ, რომ მიმდინარეობდა წინასაპროექტო დოკუმენტაციის მომზადება“,  - გვითხრა დირექტორმა.

პატარა მეჯვრისხევის სკოლის შენობის დემონტაჟი 2016 წელს დაიწყო. ექსპერიზის დასკვნის მიხედვით, შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და მის ადგილას ახალი სკოლა უნდა აშენებულიყო. დემონტაჟის პროცესი მალევე შეჩერდა. სკოლის შენობა კულტურის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.  სასწავლო პროცესმა კი აძვის საჯარო სკოლაში გადაინაცვლა. 

მას შემდეგ, უკვე მეორე წელია,  დირექტორი, საკუთარ მასწავლებლებთან ერთად, პროფესიულ საქმიანობას, აძვის საჯარო სკოლაში ახორციელებს. პატარა მეჯვსხევში მცხოვრები მოსწავლეებიც, განათლების მისაღებად, ყოველდღიურად მეზობელ სოფელში დადიან. 

რადიო „მოზაიკა“ საკითხის გასარკვევად განათლების სამინისტორს დაუკავშირდა, უწყების განმარტებით სკოლის აშენების პროექტი დამტკიცებულია, თუმცა მშენებლობის დაწყების თარიღი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია.

ამავე თემაზე: მერი: შევარჩევთ 6 სკოლას და გავარემონტებთ

„პატარა მეჯვრისხევის სკოლის მშენებლობა ჩვენს 2018 წლის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იყო, მუნიციპალიტეტი როცა წარმოადგენს პროექტსა და ხარჯთაღრიცხვას, შესრულებული სამუშაოების შემდეგ გადაერიცხებათ თანხები.ანუ ეს საკითხი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია", - გვაცნობეს სამინისტროდან.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ მიმდინარე წელს პატარა მეჯვრისხევში სკოლის აშენებას არ გეგმავენ. კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, სკოლის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება.

„მე შევხდი პატარა მეჯვრისხევის სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს და ავუხსენი, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში თანხა მშენებლობისთვის გათვალისწინებული არ არის. მე მივმართავ განათლების სამინისტორს, თუ შესაძლებელია დამატებით გადმოგვირიცხონ სახსრები. თუ ეს მოხდება, აუცილებლად დავიწყებთ სკოლის მშენებლობას", - გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმა. 

პატარა მეჯვისხევის სკოლაში ამჟამად 70 მოსწავლე ირიცხება. მათი რაოდენობა, ორი წლის წინ, 120 იყო. 

 

 

 

 

Read 2859 times Last modified on Last modified on მარტი 24 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი