შენ ხარ მომავალი! - გორში ნანა ნაბულიშვილის სახელობის ტური ჩატარდა

მარტი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში ნანა ნაბულიშვილის სახელობის მათემატიკური უნარების ტური ჩატარდა. 

„შენ ხარ მომავალი!“ - ასე ერქვა ტურს, რომელიც გორის მე-3 საჯარო სკოლაში მოეწყო. მე-7, მე-8 და მე-9 კლასის 30-მდე მოსწავლე ერთმანეთს მათემატიკური უნარების ტესტების ჩაბარებაში შეეჯიბრა. ტურში, თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან ერთი გამარჯვებული გამოვლინდა, საერთო ჯამში კი სამი პირველადგილოსანი დასახელდა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს სპეციალური დიპლომები და პრიზები, ყველა მონაწილეს კი - სერტიფიკატი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიალი გორის უნივერსიტეტის ბენდმა მუსიკალურად გააფორმა.

ტური სკოლის ადმინისტრაციისა და ნანა ნაბულიშვილის აღზრდილი მოსწავლეების ორგანიზებული იყო.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში მათემატიკური საგნების პოპულარიზაცია და საგანმანათლებლო სფეროში ნანა ნაბულიშვილის მიერ შეტანილი ღვაწლის ხაზგასმაა.

 

 

ნანა ნაბულიშვილის შესახებ: ნანა ნაბულიშვილი დაიბადა 1960 წლის 10 ნოემბერს სიღნაღის რაიონ სოფელ ტიბაანში. 1983 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. ამავე წელს იმყოფებოდა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ქ. ვილნიუსში, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე. 1984 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. გორში. იგი იყო მათემატიკისა და ინფორმატიკის პედაგოგი ქ. გორის #3 საჯარო სკოლაში. 1995 წელს მისმა დაწერილმა პროექტმა გაიმარჯვა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში და აღნიშნული სკოლა ქვეყნის მასშტაბით მოხვდა იმ 4 სკოლას შორის, რომლებშიც ინფორმატიკის კაბინეტები აღიჭურვა უახლესი პერსონალური კომპიუტერებით და მასთან დაკავშირებული ტექნიკით. ნანა ნაბულიშვილი იყო სოციალურად აქტიური მოქალაქე. იგი იყო საქართველოს განათლების სამინისტროს ტრენერი ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოდან. იყო თანადამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციისა, რომელიც უზრუნველყოფდა შიდა ქართლში პედაგოგების განვითარებას და მათთვის ახალი სასწავლო მეთოდების სწავლებას. კოლეგებთან ერთად, გამოსცემდა გაზეთს და ასევე სამაგიდო წიგნებს პედაგოგებისთვის. მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, იგი არ წყვეტდა პედაგოგიურ საქმიანობას. ბოლო წლებში, ასევე, მუშაობდა თბილისის იტალიურ სკოლაში. ნანა ნაბულიშვილი გარდაიცვალა 2008 წლის 27 მარტს, გორში.

Read 2061 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი