mukilurji640X90

გორის საკრებულოს დეპუტატები პარალელურად ა(ა)იპ-ებში მუშაობენ

მარტი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები ა(ა)იპ-ებშიც მუშაობენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა უსამართლოა. 

,,აიპ-ებში მოხდა რეორგანიზაცია და ,,ქართული ოცნება“გვპირდებოდა, რომ მეტი ადგილი გათავისუფლდებოდა“, - იხსენებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ვასილისა ჯაბახიძე. 

დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა უსამართლოა და ის კონკრეტული ადამიანების ინტერესზეა მორგებული. მისი განცხადებით, დეპუტატი ავთანდილ შოშიაშვილი გორის კრივის სკოლას ხელმძღვანელობს, სადაც მწვრთნელად შვილი ჰყავს დასაქმებული.  ასევე, საკრებულოს წევრი ბაქარ გიუნაშვილი სტრატეგიული განვითარების ცენტრში მუშაობს. გორის მერიის განათლების განყოფილების უფროსის ნინო ბერიანიძის და კი ტურიზმის ცენტრის თანამშრომელია.

 

ვასილისა ჯაბახიძე აზუსტებს, რომ ეს ადამიანები მას შემდეგ დაინიშნენ, რაც ა(ა)იპ-ების შერწყმა დაიწყო.

,,საკრებულოს დეპუტატები ამავე დროს ა(ა)იპ-ებში არ უნდა იყვნენ დასაქმებული, მაშინ, როდესაც ამდენი უმუშევარი ადამიანი გვყავს მუნიციპალიტეტში. რატომ უნდა იღებდნენ ორმაგ ხელფასს, როდესაც შეიძლება სხვა, ბევრად კვალიფიციური ადამიანი დასაქმდეს?!“ - ამბობს ვასილისა ჯაბახიძე.

ოპოზიციის ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი ავთანდილ შოშიაშვილი გვეუბნება, რომ საკუთარი შვილი მისივე კვალიფიკაციის გამო დაასაქმა.

,,მოწამლეს საზოგადოება, დანგრევის პირას მიიყვანეს ქვეყანა. თავად ყავდათ ოჯახის წევრები სრული შემადგენლობით დასაქმებული. ჩემი შვილი სპორტსმენად გავზარდე, მოვიყვანე, დავიყენე გვერდში. კვალიფიციური მწვრთნელია და ჩვენ ღირსეული თაობის აღზრდაში შეგვაქვს წვლილი“, - განმარტა ავთანდილ შოშიაშვილმა.

ნინო ბერიანიძე აცხადებს, რომ მისი და ტურიზმის სააგენტოში წლებია მუშაობს, და რომ მასზე არჩევანი, წინა ხელისუფლების პერიოდში, კონკურსის საფუძველზე გაკეთდა.

,,თუ ახლა ჩაიხედეს საშტატო ნუსხაში და ჩემი დის სახელი და გვარი აღმოაჩინეს, არ ნიშნავს, რომ ის ახლა დაინიშნა ამ თანამდებობაზე. მან გერმანიის თანამშრომლობის ფონდის, ტურიზმის დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ჩატარებული კონკურსი გაიარა და იქ მიკერძოება გამორიცხული იყო. ის ამ პოზიციაზე 2011 წლიდან მუშაობს“, - გვითხრა ნინო ბერიანიძემ.

საკრებულოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან“ ბაქარ გიუნაშვილი "მოზაიკსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ მისი მუშაობა კანონის ფარგლებს არ სცდება

,,წინა წლის ივნისის თვიდან ვარ ა(ა)იპ-ის თანამშრომელი და არჩევნების შემდეგ ვარ დეპუტატი. თუ კანონზე აპელირებენ, ჩაიხედონ და ნახონ ბრძანება, თუ როდიდან და სად ვთანამშრომლობ“, - ამბობს ბაქარ გიუნაშვილი.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ლექსო მერებაშვილი მიუთითებს, რომ კანონი საჯარო სამსახურის შესახებ ა(ა)იპ-ებზე არ ვრცელდება.

,,კანონით აქვთ ამის უფლება, უბრალოდ პოლიტიკური პარტიები აპელირებენ იმაზე, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, თორემ კანონი არ უზღუდავთ დეპუტატობის პარალელურად სხვაგან მუშაობას“, - განმარტა ლექსო მერებაშვილმა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ოფისის ხელმძღვანელი განმარტავს რომ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული დეპუტატები პოლიტიკური თანამდებობის პირები არ უნდა იყვნენ, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც იკვეთება.

,,დეპუტატის საქმიანობა არის ანაზღაურების გარეშე. შესაბამისად, თუ ადამიანი მუშაობს, შეუძლოა, იყოს დეპუტატიც სამსახურეობრივი მოვალეობისგან მოუწყვეტლად და დაესწროს სხდომებს სმსახურში დათხოვნის შემდეგ“, - აღნიშნავს ქეთევან ბებიაშვილი.

 

 

Read 1295 times Last modified on Last modified on მარტი 27 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი