გორის მერიამ პარლამენტარის კომპანიას კიდევ ერთი ხელშეკრულება გაუფორმა

მარტი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნინო ჩიბჩიური          

გორის მუნიციპალიტეტის მერმა და მისმა თანამშრომლებმა დღეს თბილისის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. 
მერიამ სატენდერო ხელშეკრულება შესაბამისი პროექტის განხორციელებისთვის ისევ იოსებ მაკრახიძის კომპანიას გაუფორმა. შპს ,,იბოლია“ ამ სამუშაოების შესრულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  480 000 ლარს მიიღებს.

სატენდერო კომისიამ, მერის მოადგილის, გელა კაპანაძის ხელმძღვანელობით, აღნიშნული კომპანია გამარჯვებულად გამოაცხადა. შერჩევის მთავარ კრიტერიუმად  გორის მერია ,,იბოლიას“ თეთრ სიაში არსებობას ასახელებს და განმარტავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამებოდა მოთხოვნილ პირობებს.

სატენდერო ოქმის მიხედვით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინააღმდეგობა კომისიის არცერთი წევრისგან არ მოჰყოლია. 


შპს ,,იბოლია“ ქ.გორში თბილისის ქუჩისა და ჩიხის სარეაბილიტაციო და სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამუშაოებს ხუთი თვის ვადაში შეასრულებს. 

 

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტრუქტული პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 34%-ს შეადგენს.

 

აღსანიშნავია, რომ შესყიდვის კატეგორიით (45200000) - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები - გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გორის მაჟორიტარი დეპუტატის სახელთან დაკავშირებული კომპანიები (იბოლია, შარა, საგზაო - სამშენებლო სამმართველო #1) ძირითადად უკონკურენტოდ მონაწილეობენ და იმარჯვებენ კიდეც. პარალელურად შპს იბოლია გორში, სამების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ასრულებს, რისთვისაც გორის მერია  590 000.00 ლარს უხდის. 


შეგახსენებთ, რომ იოსებ მაკრახიძემ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ამ კომპანიაში კუთვნილი 40% სამართავად სხვას გადააბარა.15-15%-იანი წილი კი მის შვილებს ოფელია და მარიანა მაკრახიძეებს ისევ ეკუთვნით. გასული წლის მონაცემებით შპს "იბოლიას" მიერ მოგებული ტენდერებისთვის გაფორმებული ხელშეკრულების საერთო ღირებულება 79,958,633.00 ლარით განისაზღვრა.


აღსანიშნავია, რომ 2017 წელს  შპს ,,იბოლია" ადგილობრივ ტენდერებში ნაკლებად ჩანდა, ის ძირითადად საგზაო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ფიგურირებდა, სამაგიეროდ, გორის ბაზარზე იოსებ მაკრახიძის მეუღლის კომპანია ,,შარა" გამოჩნდა.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან ირკვევა, რომ ,,შარა" და ,,იბოლია" ერთმანეთის კონკურენტები თითქმის არასდროს არიან, რადგან ორივე მათგანს ერთი ოჯახის წარმომადგენლები მართავენ. 


დეპუტატი იოსებ მაკრახიძე განმარტავს, რომ აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში წინა ხელისუფლების დროსაც იმარჯვებდნენ, რაც მისი შეფასებით, კომპანიების წარმატებული და ხარისხიანი მუშაობის შედეგია. 


უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2011 წელს, შპს იბოლიას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე შემოწირულობის სახით, 100 000 ლარი აქვს გადარიცხული. 2012 წლის არჩევნებამდე კი იმავე პარტიას იოსებ მაკრახიძემ 25 000 ლარი ჩაურიცხა.  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კი დეპუტატობამდე მაკრახიძემ ქართულ ოცნებას 50 000 ლარი შესწირა.

Read 1588 times Last modified on Last modified on მარტი 28 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი