სამხედრო წვრთნები ცხინვალში და 20 ათასი რუსი ჯარისკაცი საქართველოს საზღვართან

მარტი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე      

 

ჩრდილო ოსეთსა და დაღესტანში, საქართველოს საზღვრებთან ახლოს, რუსეთი დამატებით 2 დივიზიას განათავსებს. დაახლოებით 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე შედარებით თანამედროვე იარაღით იქნება აღჭურვილი. 


ორი კვირის წინ კი სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს სპიკერმა ვადიმ ასტაფაევმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ორი ათასამდე ჯარისკაცის ჩართულობით მასშტაბური სამხედრო წვრთნის შესახებ განაცხადა.


სოფელი ნიქოზი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს უშუალოდ ესაზღვრება. ნიქოზელები ამბობენ, რომ რუსი სამხედროების სწავლებისას, სროლის ხმის გამო სოფელში დაძაბულობაა. საქართველოს საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზაციის შესახებ ინფორმაციას ნიქოზშიც ფლობენ. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ ამით ახალი პროვოკაციებისა და სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობა უფრო და უფრო იზრდება.


"ომის შემდეგ, მოსახლეობაში ყოველთვის არის შიში. საზღვრისპირა სოფელია ნიქოზი. ეს განლაგებაც ალბათ მოასწავებს იმას, რომ პროვოკაციებს ექნება ადგილი. საკუთარი ძალების გამოჩენას ცდილობს", - ამბობს ნიქოზის მკვიდრი ნინო მინდიაშვილი.


სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალის "არსენალის" მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, საქართველოსათვის მთავრი საფრთხე ცხინვალში არსებული მეოთხე საოკუპაციო ბაზაა და არა ქვეყნის საზღვრებთან მობილიზებული 58-ე არმიის ორი დამატებითი დივიზია.  მისი თქმით, საოკუპაციო ბაზა არის პლაცდარმი, რომლის დახმარებითაც რუსეთს შეუძლია უმოკლეს დროში გადმოისროლოს დამატებითი ცოცხალი ძალა და სამხედრო შეიარაღება. სამხედრო ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე ახალ ცივ ომს შესაძლოა პატარა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც  შეეწიროს.

"მართალია, ამ რუსულ სამხედრო - საოკუპაციო ბაზებს არ გააჩნიათ იმდენი შესაძლებლობა, რომ შეტევა განახორციელონ იგივე დედაქალაქზე, მაგრამ ეს არის პლაცდარმი იმ გაგებით, რომ იქ შეიძლება უმოკლეს დროში რუსეთმა, თავისი ცენტრალური რაიონებიდან, გადმოისროლოს შეიარაღება და ცოცხალი ძალა. რუსეთსა და დასავლეთს შორის ახალი ცივი ომის ნიშნებია წამოსული და ამას, პატარა ქვეყნები, მაგალითად, საქართველო, იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნები, შესაძლოა შეეწირონ", - აცხადებს ალადაშვილი


ოპოზიცია ხელისუფლებას პრევენციული ზომების გატარებას ურჩევს. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ სამხედრო ინტერვენციის საფრთხე რეალურია და მას ხელისუფლება ყურადღებით უნდა მოეკიდოს.


"რუსეთი ზრდის სამხედრო პოტენციალს საქართველოს საზღვრებთან. ეს კი საშიში ფაქტია. არ არის გამორიცხული, კრემლი საქართველოს ოკუპაციისთვის ემზადებოდეს", - -განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გია ქრისტესიაშვილმა


მმართველ პარტიაში კი შესაძლო საფრთხესთან გასამკლავებლად საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა და დიპლომატიური კორპუსის გააქტიურება ესახებათ


"უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური გზების გააქტიურებით,  საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობთ უნდა შევძლოთ მისი შეჩერება. ასევე ,იმ დიპლომატიური ზეწოლის საშუალებით, რომელიც უპრეცედენტოა დღეს ევროპის ქვეყნებისაგან და შეერთებული შტატებისგან რუსეთის მიმართულებით", - ამბობს ქართული ოცნების წარმომადგენელი გელა კაპანაძე


რუსული მედიის მიხედვით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს, საქართველოს საზღვრებთან დამატებითი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის განთავსებისათვის, ფინანსები უკვე გამოყოფილი აქვს. გეგმის მიხედვით, სამხედრო ქალაქების მშენებლობა და ბაზების მოწყობა წლის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს.

 

Read 3836 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი