სანაკოევის ადმინისტრაციის ნაწილი გორში გადმოდის

აპრილი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართულს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია დაიკავებს.

გორის ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართულზე მდებარე 6 ოთახი, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას გადაეცემა. ინიციატივა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, დიმიტრი სანაკოევს ეკუთვნის.

დიმიტრი სანაკოევის საინიციატივო განცხადება გორის მერიამ, განსახილველად, საკრებულოში უკვე გადაგზავნა. სანაკოევმა გორის თვითმმართველობას საოფისე ფართის გამოყოფის თხოვნით წერილობით მიმართა. მისი აზრით, შიდა ქართლში ჩასახლებულ დევნილებთან კომუნიკაცია და მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა ასე უფრო გამარტივდება. 

,,უბრალოდ, პატარა ოფისის გაკეთება გვინდა იმ ხალხისთვის, ვინც დევნილები არიან და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გორიდან თბილისში უწევთ სიარული. იმისთვის, რომ მათ ყველა წვრილმანზე დედაქალაქში არ იარონ და მარტივად შეძლონ ჩვენი მომსახურების მიღება, გადავწყვიტე, გორში ფართის გამოყოფის თხოვნით ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიმემართა. იქ იმუშავებენ ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც გორში ცხოვრობენ“, - გვითხრა დიმიტრი სანაკოევმა.


,,თბილისში მდებარე ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმუშავებენ გორშიც. იქიდან გამომდინარე, რომ დევნილებთან უფრო მჭიდრო კონტაქტი იყვეს და პირდაპირი კომუნიკაცია“, - აღნიშნა გორის მერიის წარმომადგენლმა გია პაპიტაშვილმა.

ინიციატივა გორის საკრებულოს ქონების მართვის კომისიამ დღეს განიხილა და დადებითი შეფასება მისცა. 5 წლის ვადით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლების საკითხი, საბოლოოდ 13 აპრილის საკრებულოს სხდომაზე გადაწყდება.

,,ვინაიდან გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბევრი დევნილთა ჩასახლება მდებარეობს,მოსახლეობას კი წვრილმან საკითხებზე ზედმეტი ხარჯის გაღება და დროის დაკარგვამ არ მოუწიოს, გამოვუყოფთ აღნიშნულ ფართს და გავუიოლებთ პრობლემების მოგვარებას“, - განაცხადა, ქონების მართვის კომისიის ხელმძღვანელმა მერაბ მელანაშვილმა.

,,შენების მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატი, ბადრი ნანეტაშვილი აღნიშნული ადმინისტრაციის მთლიანად გორში გადმოტანის მომხრეა.

,,კარგი იქნებოდა, რომ თბილისის მაგივრად, საერთოდაც გორში გადმოსულიყო ეს ადმინისტრაცია და არა ნაწილი იქ და ნაწილი აქ. თუმცა, ესეც კარგია, რომ გორში მცხოვრებ დევნილებს საშუალება ექნებათ, მივიდნენ უფრო ახლოს და არა - იარონ თბილისში“, - აცხადებს ბადრი ნანეტაშვილი.

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 2 მილიონი ლარით ფინანსდება. ამ თანხის ნაწილი 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულების, დევნილი სტუდენტების დაფინანსებას ხმარდება.

Read 1602 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი