დედა, რომელიც შვილის საფლავის ქვას 10 წელია დევნილობაში ინახავს

აპრილი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 ავტორი: ნინო ჩიბჩიური

სააღდგომოდ, ოკუპირებული საფლავების მონახულებას დევნილები წელსაც ვერ შეძლებენ.

მაია ნასუაშვილი ყოველი აღდგომის მოახლოებას შვილის საფლავის მონახულების იმედით ხვდება. მან 10 წლის წინ ცხინვალის რეგიონის სოფელი თამარაშენი, ოჯახთან ერთად, საომარი მოქმედებების დროს დატოვა. მას შემდეგ გორში, ვერხვების დასახლებაში მდებარე კოტეჯში ცხოვრობს. სარდაფში კი ამ დრომდე შვილის საფლავის ქვას ინახავს, რომლის დანიშნულების ადგილამდე მიტანა ომის პირობებში ვეღარ მოახერხა. მისი 21 წლის შვილი, ლევან ლაფაჩი 2008 წლის 24 ივლისსავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა. ოჯახმა მისი მხოლოდ დაკრძალვა მოასწრო.

,,29 ივლის დავკრძალეთ სოფელ თამარაშენის სასაფლაოზე, რომელიც ცხინვალზევეა მიბმული. 8 აგვისტოს მოგვიწია შვილის ცხედრის და საერთოდ ყველაფრის დატოვება. რამდენიმე დღეში დაგვიკავშირდნენ ის ადამიანები, რომლებსაც საფლავის ქვა და ღობე შევუკვეთეთ და მოგვიტანეს აქ კოტეჯში. მესერი ახლობელთან გვაქვს სოფელში, საფლავის ქვას კი დღემე აქ, სარდაფში ვინახავთ. იმ იმედით, რომ ერთ დროს წავიღებთ იქ, სადაც უნდა დაგვედგა“, ამბობს, გარდაცვლილის დედა მაია ნასუაშვილი.

 

devnili qali 2

 

,,2008 წლის ომის შემდეგ, ბევრჯერ შეგვპირდნენ დახმარებას, რომ რამდენიმე საათით მაინც შეგვიყვანდნენ ჩვენს მშობლიურ მიწაზე. საფლავის ქვას მაინც დავდგამდით ან ოთხ ბოძს ჩავსვამდით. დაინტერესებულები ვართ, რა თქმა უნდა, რომ საფლავი არ წაიშალოს. გვპირდებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ერგნეთში, ქართულ-ოსური შეხვედრებისას (IWPR) განიხილავდნენ აღნიშნულ საკითხს, მაგრამ მას მერე მხოლოდ იმასღა გვეუბნებოდნენ, რომ თქვენნაირი მშობლები დღეს დევნილობაში ბევრი ცხოვრობს და ჩვენთვისაც ძნელია ყველასთვის პასუხის გაცემაო“, განმარტავს გარდაცვლილის მამა ვლადიმერ ლაფაჩი.

ამ ფონზე, ოჯახმა შვილის საფლავის მოვლა, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად სცადა. მაია ნასუაშვილი ამბობს, რომ მისი დედამთილი ეთნიკურად ოსი იყო, რომლის ახლობლები დღესაც ცხინვალში ცხოვრობენ. დევნილი ოჯახი დახმარებისთვის სწორედ მათ დაუკავშირდა და რელიგიურ დღესასწაულამდე საფლავის მოვლა-პატრონობა სთხოვა.

ოჯახის ინფორმაციით, ცინვალში მცხოვრები ნათესავი ქალი საფლავს 2009 წლიდან პატრონობს. ამ დრომდე ის ადგილობრივი ,,ხელისუფლებისწარმომადგენლებმა არაერთხელ დააშინეს. მისი ინფორმაციით, თავდაპირველად საფლავის მიწა მობნეული იყო, ახლოს მდებარე საფლავის ღობეები კი ტყვიისგან დახვრეტილი და ზოგიერთი საფლავის ქვას წარწერა აღარც ეტყობოდა.

sanTeli devnili qali 4

ოკუპირებულ ტერიტორიაზე საფლავების მიტოვება რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეული საკითხია. უმეტესობას, ლაფაჩების მსგავსად, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ახლობლების იმედი აქვს.  სჯერათ, რომ მათი დახმარებით, ოჯახის წევრების თუ ნათესავების საფლავების გადარჩენას შეძლებენ.

,,ორი ახალგაზრდა ძმა ერთად დამეღუპა. ჩემთვის ძალიან მძიმეა ჯერ იმის გააზრება, რომ ისინი ჩემ გვერდით აღარ არიან და მეორე ის რომ მათი საფლავების მონახულება არ შემიძლია“,ამბობს ლიახვის ხეობიდან დევნილი ლამზირა გოჩაშვილი.

,,ვთხოვთ ყველას, ვისაც კი რამე შეუძლია, გულთან მიიტანოს ჩვენი მდგომარეობა და რამდენიმე წუთით მაინც მოგვცენ საფლავების მონახულების საშუალება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, - ითხოვს ლიახვის ხეობიდან დევნილი ქეთევან ქურჩიშვილი.

ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირების თხოვნის გათვალისწინებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ ერგნეთის შეხვედრებზე, ქართული მხარე ამ საკითხს მუდმივად აყენებს. განსაკუთრებით კი აღდგომის დღესასწაულის მოახლოებისას, მაგრამ ოსური და რუსული მხარეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნილთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას საკუთარ თავზე ვერ იღებენ. ოსური დელეგაციის წარმომადგენელი ხოხ გაგლოითი აცხადებდა, რომ პრობლემა უნდა მოგვარდეს სისტემური შეთანხმებით, როგორც ეს ევროპის ქვეყნებში არსებული კონფლიქტების დროს მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, მიუხედავად ოსური მხრიდან მიღებული მუდმივი უარისა, ქართული მხარე ამ ჰუმანიტარული პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

devnili qali 3

ვიდრე ქართულ-ოსური მხარეები ამ კუთხით, რაიმე შეხების წერტილებს მოძებნიან, სოლიდარობას ერთმანეთის მიმართ უბრალო მოქალაქეები გამოხატავენ. თუ თამარაშენში ქართული ოჯახის მიცვალებულის საფლავს ეთნიკურად ოსი ქალი პატრონობს, ერგნეთში მიტოვებულ სასაფლაოზე სააღდოგოდ, სანთელს ამავე სოფლის მკვიდრი, ლია ჩლაჩიძე ანთებს. ამბობს, რომ 2008 წლის შემდეგ ზოგიერთ საფლავთან ჭირისულლები აღარ ჩანან და პატი სწორედ ასეთ მიცვალებულებს მიაგებს, რომელთა ახლობლებიც შესაძლოა ცხინვალში ან ვლადიკავკაზში ცხოვრობდნენ.

ცხინვალში ამჟამად მხოლოდ ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ,,წითელი ჯვარიმუშაობს, თუმცა მათ კომპეტენციაში ძირითადად ჯანდაცვის მიმართულება შედის. კერძოდ, ორგანიზაციის წარმომადგენლები ცხინვალელი პაციენტების ქართულ მხარეს უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფენ, რომლებსაც ქართულ კლინიკებში სამედიცინო მკურნალობის სურვილი აქვთ. აღნიშნული ორგანიზაციის ინფორმაციით, ცხინვალის ოფისი ჩართულია ასევე სხვადასხვა საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ადგილსამყოფელის დადგენის პროცესსა და მიცვალებულთა გადასვენების შემთხვევებში, თუმცა ოკუპირებულ საფლავებზე გასვლის მიზნით ადამიანების უსაფრთხოდ გადაადგილების საკითხთან ,,წითელ ჯვარსჯერჯერობით შეხება არ ჰქონია.

აღნიშნული ორგანიზაციისგან განსხვავებით, ოკუპირებული საფლავების საკითხზე აქტიურად მსჯელობენ კონფლიქტეების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები.

მაია ნასუაშვილიიმედებს ახლა უკვე ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებულ სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთო სურვილის მქონე უბრალო ადამიანების ჯგუფზე ამყარებს. შვილ მკვდარ დედას იმედი აქვს, რომ საფლავის ქვას, რომელსაც 10 წელია კოტეჯის სარდაფში დევნილობაში ინახავს, დანიშნულების ადგილამდე აუცილებლად ჩაიტანს.

Read 2936 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი