Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 09 აპრილი 2018 13:30

საფლავები, რომელთა მონახულება უსაფრთხო არ არის

Rate this item
(0 votes)

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მავთულხლართების მიღმა არაერთი სასაფლაო მოექცა. მათ ნაწილზე გასვლას მოსახლეობა დღემდე ვერ ახერხებს. ნაწილზე კი, უსაფრთოების გარანტიების არარსებობის მიუხედავად, მაინც გადის.

ერთ-ერთი ასეთი ნიქოზის სასაფლაოა. ახლობლების საფლავების მონახულებას ადგილობრივები მე-10 წელია, შიშის თანხლებით ახერხებს. სოფლის სასაფლაო ოკუპირებული არ არის, თუმცა როგორც ადგილობრივი სათემო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნინო მინდიაშვილი აღნიშნავს, რუსულ - ოსური მხარის სამხედრო ბაზები და ე.წ. კოშკურები მშვიდობიან მოსახლეობას ფსიქოლოგიურ სტრესს აყენებს.

მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ნიქოზელები მიცვალებულთა ხსენების დღეს საფლავებზე მაინც გადიან, თუმცა შიშის ფაქტორი იქ სასურველი დროით გაჩერების საშუალებას არ აძლევთ და უკან მალევე ბრუნდებიან. აღნიშნულის შესახებ, ორგანიზაციის ,,იმედის სხივი" წარმომადგენელმა, გადაცემაში ,,კავშირგაბმულობა“ ისაუბრა. 


,,ჩვენი სოფლის სასაფლაო ოკუპირებული არ არის, თუმცა ცხინვალთან ძალიან ახლოს მდებარეობს. მაღლიდან პირდაპირ გადმოჰყურებ მათ კოშკურებს, სნაიპერებს და შესაბამისად, ასეთ ვითარებაში სიმშვიდის განცდა დიდხანს ვერ გაგყვება. შეიძლება 2008 წლის აგვისტოს ომამდე უფრო დიდი  საფრთხე იყო, შეიძლება ახლა არავინ არაფერი გესროლოს, მაგრამ შიშის გრძნობა მაინც გაქვს და ფიქრობ, რომ დიდი რისკია, ძალიან მარტივად ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდე და ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა დაგაბრალონ. ამიტომ, აღდგომის დღესასწაულზეც კი აქ მხოლოდ რამდენიმე წუთით რისკავს მოსახლეობა ასვლას, და გარდაცვლილი ნათესავების საფლავებისთვის პატივის მიგებას“, - ამბობს, ნინო მინდიაშვილი.

Read 3716 times Last modified on ორშაბათი, 09 აპრილი 2018 19:06