დევნილთა სამინისტრომ ,,სოფლად სახლის“ პროგრამისთვის დაფინანსება გაზარდა

აპრილი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „სოფლად სახლის“ შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები გაზარდა. ამ თემასთან დაკავშირებით, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ „სოფლად სახლის“ პროექტი 2013 წელს დაიწყო და დღემდე, ამ პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ სახლი 2000 დევნილ ოჯახს შეუსყიდა, მათ შორის შიდა ქართლის რეგიონსა და კონკრეტულად გორის მუნიციპალიტეტში.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი არაერთი მიმართულებით აღმოჩნდა წარმატებული. მინისტრის მოადგილის განმარტებით, სოფლად შესყიდულ სახლებს თან ახლავს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. გარდა ამისა, დევნილი ოჯახები თავად არჩევენ საცხოვრებელ ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

„სოფლად სახლის“ შესყიდვის მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა იმ დევნილი ოჯახის განსახლების საკითხი განიხილება, რომლებსაც მინიმუმ 3,5 ქულა მიენიჭებათ. „სოფლად სახლის“ შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა, დევნილი ოჯახების სულადობის გათვალისწინებით, 17 000 ლარიდან 31 000 ლარამდე მერყეობდა. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ აღნიშნული თანხა გაზარდა და განსაკუთრებული პრიორიტეტი მრავალსულიან დევნილ ოჯახებს მიანიჭა. მაგალითისათვის, 7-სულიან დევნილ ოჯახს სამინისტრო „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით, 26 000 ლარს ნაცვლად, 32 000 ლარს გამოუყოფს.

სამინისტროს განცხადებით, დევნილი ოჯახების განსახლების პარალელურად, მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენაზეც ზრუნვაც მიმდინარეობს. ამ მიზნით, სამინისტროსთან არსებული საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, USAID-თან ერთად, ახალ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში, დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სამინისტრომ „სოფლად სახლი“ უკვე შეუსყიდა, სასათბურე მეურნეობის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტები გადაეცემათ. დაფინანსებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრებ დევნილებს. პროექტის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს. დევნილ ოჯახზე გრანტის მაქსიმალური ოდენობა 10 000 ლარით განისაზღვრა. დაფინანსების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 30 მარტს დაიწყო და 30 აპრილამდე გაგრძელდება.

დევნილი ოჯახები განაცხადებს თბილისში, ზუგდიდში, გორსა და ახალციხეში USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ოფისებში შეავსებენ.

Read 1215 times Last modified on Last modified on აპრილი 10 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი