გორელი მძღოლები პარკირების გადასახადის გაუქმებას ითხოვენ

აპრილი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელ მძღოლებს პარკირების  გადასახადის გაუქმება სურთ. 

,,ტრანსპორტი ძალიან მომრავლდა, პარკირება გაძნელებულია“,  - ამბობენ "მოზაიკასთან" საუბარში მძღოლები. 

გორელი მძღოლების უკმაყოფილებას ავტომანქანების გასაჩერებელი ადგილების სიმცირე იწვევს. მათი განმარტებით, პრობლემა ძირითადად ცენტრალურ ქუჩებსა და სავაჭრო ობიექტების მიმდებარედ იქმნება. მძღოლების ინფორმაციით, გორში ტრანსპორტის რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია და პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილები კი - არასაკმარისი. მათი პრეტენზიები გადასახადსაც უკავშირდება. ისინი ფიქრობენ, რომ პარკირება გორში უფასო უნდა გახდეს.

 ,,მანქანის გაჩერება განსაკუთრებით ცენტრალურ და მოძრაობის მხრივ გადატვირთულ ადგილებზე ჭირს. პარკირების რაოდენობა შეზღუდულია, რაც მძღოლებს განსაკუთრებით გვაშფოთებს. მეორე საკითხია კიდევ ფასი. ხალხი ისედაც გაჭირვებულია და რამდენიმე წუთით მანქანის გაჩერებაში თანხას რატომ უნდა ახდევინებდნენ. ისედაც გართულებულ ცხოვრებას, ესენი უფრო გვირთულებენ“, - ამბობს, ერთ-ერთი მძღოლი.

,,არის ადგილები, მაგრამ უფრო მეტი რომ იყოს უკეთესი იქნება. ცენტრალურ ქუჩებზე განსაზღვრულ პარკირების ზოლებში ძირითადად ახლოსმდებარე მაღაზიებსა და ოფისებში მომუშავეთა მანქანები დგას.იქ სხვა მძღოლი მანქანას ვერ გააჩერებს. ეს მთავარი პრობლემაა, ჩემი აზრით, რაც როგორღაც უნდა დაარეგულირონ“.

პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გასაჩერებელი ადგილების რაოდენობის გაზრდით გეგმავს. მერიის მიერ ინიცირებულ პროექტს საკრებულომ მხარი უკვე დაუჭირა. დეპუტატი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ირმა ამბარდნიშვილი წარმოდგენილ პროექტში ისევ ხარვეზებს ხედავს და ავტორებს, ცვლილებების შეტანას, მძღოლების ინტერესის გათვალისწინებით ურჩევს.  

,,მე მძღოლების ინტერესებს საკრებულოში მაქსიმალურად დავიცავ. ავტომობილების მძღოლები ძალიან დიდ პრეტენზიებს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იხდიან პარკირების საფასურს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მანქანას ვერ აჩერებენ. ამიტომ მერიამ უნდა დახვეწოს ახალი პროექტი და მაქსიმალურად მოარგოს მომხმარებლების ინტერესს“, - განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა.

ოპონენტის შენიშვნებს არ ეთანხმება საკრებულოს თავმჯდომარე. დავით რაზმაძის განმარტებით, ახალი პროექტი დამუშავების პროცესშია და შენიშვნების შეტანა ამ ეტაპზე უადგილოა.

,,მე ვფიქრობ უახლოეს ხანში ძირიტად ამ შესრულებულ სამშაოებს წარმოადგენენ და ამის მიხედვიტ უფრო მეტად დამაჯერებლად გვექნება ჩვენ ამაზე აზრის გამოთქმის საშუალება. ამ ეტაპზე ეს ყველაფერი დამუშავების პროცესშია“, - აღნიშნა დავით რაზმაძემ.

მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ უწყების ბალანსზე არსებული ტრანსპორტის სამსახური ჯერ მთლიანად გაუქმდა, შემდეგ კი ახალი განყოფილება შეიქმნა, რომელიც პარკირების საკითხსაც არეგულირებს. რა ცვლილებები შეაქვთ წინა პროექტში, სამსახურის ახალი უფროსი თამაზ სანდაძე არ აკონკრეტებს.

,,ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით. საკითხზე სამუშაო ჯგუფი მუშაობს და დეტალების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. მხოლოდ იმას გეტყვიტ, რომ ამ ჯამად არსებული ადგილების რაოდენობა 1 500- მდე გაიზრდება“, - გვითხრა თამაზ სანდაძემ.

ამჟამად გორის მასშტაბით სულ 700-მდე პარკირების ზონაა, სადაც ავტომანქანის გაჩერება ფასიანია. პარკირების სამსახურის ყოფილი უფროსი ზურაბ როსტომაშვილი ამბობს, რომ ახალი სამსახური მის დაწყებულ პროექტს აგრძელებს. სწორეს მის დროს მოხდა 39 ახალი ადგილის გამოყოფის მოთხოვნა, რაც საკრებულომ გასულ კვირას დაამტკიცა. მისივე ინფორმაციით, პარკირების გადასახადი ამ დრომდე წელიწადში 40 ლარი რჩება. მძღოლები, რომლებიც ფასიანი პარკირების ადგილებში შესაბამისი უფლების გარეშე ჩერდებიან, 10 ლარით ჯარიმდებიან.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი