მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

სარწყავი წლის პრობლემა ზეღდულეთში  - რას გეგმავს ხელისუფლება

გორის მუნიციპალიტეტში არაერთი ჭაბურღილი და ალტერნატიული საირიგაციო სისტემა გაკეთდა, მაგრამ სარწყავი წყლის პრობლემა ბოლომდე ვერ მოგვარდა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მცხოვრებ გიორგი ნასყიდაშვილს წლებია მოსავალი ვერ მოჰყავს. სოფელის არხებში სარწყავი წყალი ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდში საერთოდ არ მიდის.

“სოფელში თუ სარწყავი წყალი არ არის, ვერაფერს გააკეთებ, მოსავალს ვერ მოიყვან. წლებია ეს პრობლემა გვაქვს. არ ვიცით გარანტირებულად, გვექნება თუ არა სარწყავი წყალი. მოსახლეობას გადასახადის გადახდაზე არა აქვს პრობლემა, მთავარია ეს საკითხი მოგვარდეს. ბევრჯერ ვისაუბრეთ ამაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთანაც, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ არის“, - ამბობს გიორგი ნასყიდაშვილი.

სოფელი ასევე სრულფასოვნად ვერ მარაგდება სასმელი წყლით. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალი სოფლის მხოლოდ ნაწილს, გრაფიკით მიეწოდება.

“ნათესები გვიხმება, სოფელს სათანადო ყურადღება არ ექცევა, მოსავალი ვეღარ მოგვყავს, ამის გამო ხალხს უფრო მეტად გაუჭირდა. ტირიფონის არხიდან მოდიოდა ადრე სარწყავი წყალი, ომის შემდეგ დაწყდა, სასმელი წყალიც, მხოლოდ სოფლის ნაწილს მიეწოდება“, - გვითხრა ეკატერინე ელიაშვილმა. 

ადგილობრივი ხელისუფლება სოფლის გასაჭირის შესახებ საქმის კურსშია. მერის წარმომადგენელი ზეღდულეთის თემში, დავით ცერცვაძე ამბობს, რომ გამოსავლის ძიება მათ დაიწყეს და მოსახლეობას ჭაბურღილების მოწყობა შესთავაზეს.

“ჩვენ მოსახლეობას შევთავაზეთ სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარების ალტენატიული გზა - ჭაბურღილების მოწყობა თანადაფინანსებით, მაგრამ არ აქტიურობენ, ჯერ არცერთი განცხადება არ შემოსულა.

სარწყავი წყალი მოედინება ცენტრალურ სარწყავ არხში და ივნისიდან ივლისის ჩათვლით სოფელს სარწყავი წყალი ექნება. ჩვენ ვმარაგდებით წყლის საქაჩით და ასე მიეწოდება მოსახლეობას, აგვისტოში უკვე ლიახვში წყლის მარაგი აღარ გვაქვს და გვექმნება პრობლემა“, - ამბობს დავით ცერცვაძე.

სარწყავი წყლის პრობლემა გორის სოფლებში 2008 წლის ომის შემდეგ დადგა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ სარწყავი და სასმელი წყლის სათავე ნაგებობები გადაკეტა. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გორის სოფლების გასარწყავიანებისთვის გარკვეული სამუშაოები ჩაატარა - დამონტაჟდა სატუმბი სადგურები, გაკეთდა ჭაბურღილები და გაიჭრა ახალი არხები. მიუხედავად იმისა, რომ ომიდან 10 წელი გავიდა, გორის თითქმის 15 სოფელი სარწყავ წყალს დღემდე ვერ იღებს.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1795 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი