მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

ა(ა)იპ -ების დაფინანსება და თანამშრომელთა ოდენობა - შედარებები გასულ წლებთან

გორის მერია 10 ა(ა)იპ - ის დასაფინანსებლად თითქმის 10 მლნ ლარს ხარჯავს წელიწადში. დაფინანსების დიდი ნაწილი თანამშრომელთა ხელფასების ანაზღაურებაზე მოდის.

მომდევნო კვირაში საკრებულოს სხდომაზე ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბის 2018 წლის ანგარიშს მოისმენენ. აღნიშნულ მუნიციპალურ ორგანიზაციაში სულ 87 თანამშრომელი მუშაობს, აქედან 77 ხელშეკრულების საფუძველზე, დანარჩენი 10 კი შტატიანი თანამშრომელია. მათ ხელფასებში ბიუჯეტიდან თვეში  42 894 ლარი იხარჯება. აქედან 9500 შტატიან თანამშრომლებზე, 33394 კი შტატგარეშე პირებზე. აღნიშნულ ა(ა)იპ - ში დასაქმებულთა ხელფასებისთვის წლის განმავლობაში 514 728 ლარია გათვალისწინებული. სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტი 587 000 ლარია, რაც გასულ წელთან შედარებით 36 900 ლარით მეტს შეადგენს, თუმცა მისი ხელმძღვანელის, განცხადებით დაფინანსება მაინც არასაკმარისია.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე კი აღნიშნული ა(ა)იპ - ის მუშაობას დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების გაწერა სპორტის სფეროში წარმატების მისაღწევად ახალი თაობისთვის გაღებული ინვესტიციაა.

ფეხბურთის კლუბი "გორი" დანარჩენ 9 მუნიციპალურ ორგანიზაციებს შორის ბიუჯეტის საშუალო მაჩვენებლით გამოირჩევა. 10 ა(ა)იპ - დან ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი მუნიციპალური ორგანიზაცია წელსაც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოა, სადაც ამბობენ, რომ დაფინანსების მატება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდითაა განპირობებული. ა(ა)იპ - ებიდან ყველაზე მეტი თანამშრომელი სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ჰყავს. სააგენტოში 872 თანამშრომლიდან 191 ხელშეკრულებითაა აყვანილი.

მას მოსდევს კეთილმოწყობის სააგენტო, რომლის ბიუჯეტი წელს 487 ათასი ლარითაა გაზრდილი. შემდეგ ადგილს კი გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტო იკავებს, რომლის დაფინანსება წელს 98 ათას 900 ლარითაა გაზრდილი.

ოპოზიციის წარმომადგენელი საკრებულოში, ვასილისა ჯაბახიძე მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ - ებში შტატები გაბერილია და საბიუჯეტო თანხები ამ მხრივ არაეფექტურად იხარჯება. 

ა(ა)იპ - ებში დასაქმებულთა სიმრავლეზე საუბრობს გორის მერიც, თუმცა კოტე თავზარაშვილი თვლის, რომ ყველას თავის საქმე აქვს და თითოეულის წარმატებულად მუშაობაში სწორედ მათი წვლილია დასაფასებელი.

2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, მუნიციპალური ორგანიზაციების დაფინანსებისთვის, გასულ წელთან შედარებით, 1 791 200 ლარით მეტი დაიხარჯება. თუ 2018 წელს ამ მიმართულებით სულ 14 მლნ 253 000 ლარი გაიწერა, მიმდინარე წელს ეს თანხა 16 მლნ 44 ათას 200 ლარს შეადგენს. რაც შეეხება დასაქმებულთა ოდენობას - გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ 10 ა(ა)იპ - ში ამჟამად სულ 2 160 ადამიანი მუშაობს. მათი უმრავლესობა, 1284 ადამიანი, ხელშეკრულებითაა დასაქმებული.

საერთო ჯამში 10 მუნიციპალურ ა(ა)იპ - ში დასაქმებულ პირთა ანაზღაურებისთვის თვეში 829 837 ლარი, წელიწადში კი 9 958 044 ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, ისიც რომ 2017 წელს ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების შერწყმა - გაერთიანებით მმართველი გუნდი სწორედ თანხების დაზოგვას აანონსებდა, თუმცა ფინანსური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ა(ა)იპ - ების დასაფინანსებლად გაწერილი თანხების ოდენობა მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1678 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი