მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორში კორუფცია არ არსებობს - ხელისუფლების პასუხი ოპოზიციისა და მესამე სექტორის კრიტიკაზე

"გორის მუნიციპალიტეტს გამბედაობა და უნარები არ ეყო, რომ კორუფციაზე უარი ეთქვა" - ასე აფასებს ფრაქციის „ძლიერი გორი“ თავმჯდომარე ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას და უწყების წარმომადგენლებს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. 

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ვასილისა ჯაბახიძე ადგილობრივ ხელისუფლებაში კორუფციის არსებობის ერთ-ერთ არგუმენტად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწების იჯარით გაცემას ასახელებს და ამბობს, რომ ამ პროცესში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და სხვადასხვა თანამდებობის პირები ერთვებიან. ამ პირებს კი საკუთარი ინტერესი გააჩნიათ და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით პირადი სარგებლის მიღებას ცდილობენ. 

„ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, ხალხის გაღარიბების ფონზე, როგორ ერთვებიან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები კორუფციაში. თუნდაც ავიღოთ მიწების ნაკვეთების გასხვისება გორის მუნიციპალიტეტში. ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან და წესით ხალხზე უნდა ზრუნავდნენ, გადასულები არიან პირადი კომფორტის მოწყობაზე. იგივე სიტუაციაა კადრების დანიშვნაზეც. ვხედავთ, რომ იმ ადამიანებს ნიშნავენ თანამდებობებზე, რომლებიც საარჩევნოდ, მმართველი გუნდის კანდიდატის შესაწირ ყუთში, ყულაბაში შეიტანენ თანხას“, - უთხრა რადიო „მოზაიკას“ ვასილისა ჯაბახიძემ.

გორის მუნიციპალიტეტში კორუფციაზე საუბრობს არასამთავრობო სექტორიც. ორგანიზაციის „შეაჩერე კორუფცია" წარმომადგენელი, ქეთი ენუქიძე კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს და ფიქრობს, რომ კონფლიქტისპირა რეგიონი ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს შესაბამისი სამსახურების მხრიდან და ხელისუფლება საერთაშორისო დონორების ნდობის შენარჩუნებას უნდა ცდილობდეს. 

„გორის მუნიციპალიტეტში ძირითადად იკვეთება სახელმწიფო ტენდერებში უკონკურენტოდ მონაწილეობა კომპანიების და ვლინდება კონკრეტული პირების ინტერესები და დაუსრულებელი პროექტები. ძირითადად, ეს ორი სეგმენტია, სადაც კორუფციული ნიშნები შეიმჩნევა, რადგან როცა ინფრასტრუქტურული პროექტი არ სრულდება დათქმულ დროში, ეს არის ზიანის მომტანი ქვეყნის განვითარებისთვის.

ასოცირების ხელშეკრულების დარღვევის ჩანასახი ჩანს ამაში. განსაკუთრებით მაშინ, როცა თანხის გამცემი დონორი ორგანიზაციაა და პროექტი ვერ სრულდება, ჩვენს კომპანიებს, სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც ამას კურირებენ და აკონტროლებენ, არ შესწევთ უნარი პასუხისმგებლიანი შედეგი დადონ“, - განმარტავს ქეთევან ენუქიძე. 

"გორის მუნიციპალიტეტში კორუფცია დღეს ნამდვილად არ არსებობს" - ასე პასუხობს კრიტიკას საკრებულოს თავმჯდომარე. დავით რაზმაძე ამბობს, რომ კონკრეტული ფაქტების გარეშე კორუფციაზე საუბარი უსაფუძვლოა. 

„შეიძლება მოხდეს, რომელიმე სამსახურში, რომელიმე სპეციალისტი არაკომპეტენტური იყოს. დაუშვას რაღაც შეცდომა, რამაც ესა თუ ის ფაქტი სხვა თვალით დაგვანახოს. მაგრამ კორუფცია ნამდვილად არ არსებობს გორის მუნიციპალიტეტში. ამაზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რადგან საკრებულო არის აღმასრულებლის ერთ - ერთი მაკონტროლებელი ორგანო და აქტიურად ვართ ჩართულები პროექტების თუ ანგარიშების განხილვასა და მიღებაში.

თუ ვინმეს რამე დოკუმენტი აქვს კორუფციის დამადასტურებელი, დადოს და კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა იყოს მსჯელობა“, - ამბობს დავით რაზმაძე. 

არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ძირითადად ტენდერებში მაჟორიტარი დეპუტატის კომპანიის უკონკურენტოდ მონაწილეობასა და მასზე მორგებულ პირობებზე აპელირებენ. ​მაკრახიძის კომპანიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მხოლოდ გორში, მიმდინარე წელს 3 ტენდერით 2 მლნ - მდე ლარი აქვს მიღებული.

საუბარია ასევე დაუსრულებელ პროექტებზეც. მათ შორის, სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის ასაშენებლად 3 - ჯერ ჩავარდნილი ტენდერი, რომელზეც თანხა ორი წლის წინ გამოიყო და დღემდე არ დახარჯულა. ასევე დაუსრულებელია გზების დეპარტამენტის პროექტი ხიდისთავი - ატენი - ბოშურის გზის მონაკვეთზე, რომელიც ერთი წლის წინ უნდა დასრულებულიყო.

დღემდე ფუნქციონირება არ დაუწყია სპორტის სასახლეს გორში, რომელიც სპორტი სამინისტროს 2017 წლის აგვისტოში უნდა გაეხსნა. ოპოზიციის აზრით, კორუფციული გარიგებები ძირითადად საარჩევნო პერიოდში ვლინდება, თუმცა ხელისუფლება გორს ისეთი მუნიციპალიტეტების ნუსხაში ასახელებს, სადაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კორუფციას ადგილი არ ჰქონია.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1428 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი