მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

სამოქალაქო ბიუჯეტი - როგორ მიმდინარეობს პროგრამა გორის მუნიციპალიტეტში

გორის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის სამუშაო შეხვედრები სოფლებში მიმდინარე თვეს დაიწყო. ამ დროისთვის მოსახლოების ნაწილმა საკუთარი სოფლისა თუ უბნის პრიოროტეტებზე უკვე იმსჯელა.

სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მოსახლეობას საშუალება აქვს ახალი ინიციატივები და საპროექტო იდეები ჩამოაყალიბოს, რითაც საკუთარი სოფლისა და დასახლების განვითარებას შეუწყობს ხელს. შინდისში მცხოვრები ციცინო ბეშკენაშვილი ამბობს, რომ პროგრამით გასულ წელსაც ისაგებლეს.

“ჩვენთან უკვე ჩატარდა ეს შეხვედრა, შინდისის თემში შემავალი სოფლებიდან ძირითადად აქტიური მოქალაქეები ესწრებოდნენ. გადავწყვიტეთ, რომ შინდისში და ფხვენისში გაკეთდეს მინი-სტადიონები. შარშან გარეგანათებები გავაკეთეთ“, - ამბობს ციცინო ბეშკენაშვილი.

2019 წელს მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი გამოიყო, თითოეული ადმინისტრაციული ერთეულისთვის კი - 100 000 ლარია გათვალისწიენბული.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან“ ბექა ქორჩილავა ფიქრობს, რომ აღნიშნული თანხა სოფლებში პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი არ არის.

“ეს არის მიზერული თანხა, იმ ათეულობით პრობლემის ფონზე, რაც დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშია. გარდა ამისა, ხელისუფლება საზოგადოების ინფორმირებას არ ცდილობს, მოსახლეობა ვერ იგებს ასეთი შეხვედრების შესახებ და ხშირად ისეთი პროექტში იხარჯება თანხა, რაც ამა თუ იმ სოფლისთვის პრიორიტეტი საერთოდ არაა“, - ამბობს ბექა ქორჩილავა.

გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ლაშა ხმალაძის თქმით, ამ დროისთვის სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, შეხვედრა 18 სოფელში ჩატარდა, მოსახლოებას კი ინფორმაციას სოციალური ქსელისა და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლების საშუალებით აწვდიან.

“პირველ ეტაპზე საინფორმაციო შეხვედრები ჩავატარეთ, ჩართულები იყვნენ საკრებულოს დეპუტატები და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები. ახლა მიმდინარეობს მეორე ეტაპი, სადაც ხდება საპროექტო იდეების განხილვა და შერჩევა. მოსახლეობა მეტნაკლებად აქტიურობს, ყველა სოფელს ინდივიდუალური პრიორიტეტი აქვს“, - ამბობს ლაშა ხმალაძე.

2018 წლამდე სამოქალაქო ბიუჯეტით სარგებლობა მხოლოდ გორის მოსახლეობას შეეძლო. ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ კი, აღნიშნული პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება.

 


პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1601 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი