მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის მერმა ჯერარგახსნილი ობიექტისთვის ა(ა)იპ დააფუძნა და სპორტის სააგენტოს შეუერთა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთ განსახილველ საკითხს ა(ა)იპ გორის სპორტის სასახლის ერთ-ერთ სააგენტოსთან შეერთება წარმოადგენდა. გასულ წელს გორის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის შერწყმას უფრო მსხვილ მუნიციპალურ გაერთიანებასთან, მმართველი გუნდის დეპუტატების მხრიდან შენიშვნები არ მოჰყოლია და უმრავლესობის მხარდაჭერის შედეგად საკრებულომ აღნიშნული საკითხი დაამტკიცა.

საკრებულოს წევრი, რომელმაც აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე პროტესტი გამოთქვა ირმა ამბარდნისვილია. მას კითხვები აქვს სახელმწიფოს იმ ქონებასთან დაკავშირებით, რის საფუზველზეც გორის მერიამ გასულ წელს ახალი მუნიციპალური ორგანიზაცია დააფუძნა, ამჟამად კი ის სხვა ა(ა)იპ-ის შეუერთა.

"ჯერარჩაბარებულ სახელმწიფო ობიექტს დირექტორი დაუნიშნეს. ამჟამად კი, საქმე სასამართლოშია და "სპორტის სასახლე" მერიის აიპ-ს დაუქვემდებარეს. სასამართლო დავა მიმდინარეობს, რა შეერთებაზეა საუბარი? დაიღუპეს თავი.. ესენი ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს მოუგებენ? ან ადვოკატი რამდენს მოითხოვს? კითხვა მაქვს, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტილებას რომ გამოიტანს ჯარიმის სახით და ეს გარდაუვალია, ვინ გადაიხდის? გორის მერია? სახელმწიფო? ბორია გოგიჩაშვილი? ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე თუ კოტე თავზარაშვილი?", - აღნიშნა ირმა ამბარდნიშვილმა.

გორში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდასთრი“ ასრულებდა. ამ კომპანიასთან მაშინდელმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულება 2016 წლის 4 ოქტომბერს გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ობიექტი სამინისტროს 2017 წლის 31 აგვისტოს უნდა ჩაბარებოდა.

ამჟამად, ობიექტზე სამუშაოების ნაწილი ისევ დასასრულებელია და სპორტკომპლექსი კვლავ არ ფუნქციონირებს. ხოლო, მშენებელ კომპანიას, სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, პირგასამტეხლოები დაეკისრა. თავის მხრივ, საკუთარი უფლებების დაცვას კანადური კომპანია ცდილობს. მისი წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის პოზიციებს არ იზიარებენ და მისგან ფინანსური და რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ. ამ მიზნით, კანადური კომპანია საქართველოს მთავრობას ლონდონის სასამართლოში უჩივის. ეს პროცესები კი გორში აღნიშნული ობიექტების გახსნის პროცესს კიდევ აჭიანურებს.

ა(ა)იპ გორის სპორტის სასახლე, რომელიც გორში მშენებარე მულტიფუნქციური სპორტკომპლექსის საფუძველზე შეიქმნა, საჯარო რეესტრის მონაცემებში 2018 წლის 3 მაისიდან ფიქსირდება იმავე მისამართზე, სადაც გორის მუნიციპალიტეტის მერიაა რეგისტრირებული. აღნიშნული ა(ა)იპ ამიერიდან უკვე ცალკე ორგანიზაციად აღარ იარსებებს და ის გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ნაწილი იქნება. რა ფუნქციები დაემატება ა(ა)იპ სპორტის სასახლის შემოერთების შემდეგ სპორტის სააგენტოს, მისი ხელმძღვანელისთვის უცნობია. გიორგი პურიჭამიაშვილის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დეტალები მისთვის უცნობია და არც ის იცის, რა ევალება მას, როგორც გაერთიანების დირექტორს სპორტის სასახლესთან მიმართებაში.

"ამ ობიექტზე ჩვენ სააგენტოს არც მოვლა-პატრონობის ვალდებულება ჰქონია და არც ის ვიცი, რა მოვალეობა გვექნება შემოერთების შემდეგ. ცნობილია მხოლოდ ის და მეც ეს ვიცი, რომ სპორტის სასახლის შენობა სახელმწიფოს ბალანსზეა და მერიას ის ჯერ არ გადმოსცემია, რადგან სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა და ობიექტი ექსპლუატაციაში არ შესულა", - განმარტა გიორგი პურიჭამიაშვილმა.

საკითხის მონიტორინგის მიზნით, სპორტის სასახლესთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც აპირებს. გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ სამართლებრივი კუთხით არსებობს კითხვის ნიშნები ჯერარგახსნილი ობიექტის საფუძველზე შექმნილ ა(ა)იპ-თან დაკავშირებით, შემდეგ კი მის მუნიციპალურ ორგანიზაციასთან შეერთების შესახებ, რის შედეგადაც იურისტები ამ თემაზე უკვე კონკრეტულ ინფორმაციას გაავრცელებენ.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1117 times Last modified on ივნისი 16 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი