მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

AGROFARM.GE - ვინ და როგორ შეძლებს საიტით სარგებლობას

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვა უკვე ონლაინ შეუძლიათ. ვებ-გვერდი agrofarm.ge ფერმერებსა და გლეხებს საშუალებას აძლევს, უფასოდ განათავსონ ინფორმაცია მათ მიერ წარმოებული პროდუქციის შესახებ და შესთავაზონ პოტენციურ მომხმარებელს. საიტის პრეზენტაცია გორის უნივერსისტეტის პირველ კორპუსში შედგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მღებრიაანში მცხოვრები გიორგი დავითაშვილი რამდენიმე წელია მეცხოველეობას მისდევს. იმედოვნებს, რომ ვებ-გვერდი საკუთარი პროდუქციის რეალიზებას გაუადვილებს.
“ ჩვენ ძირითადად მესაქონლეობას მივდევთ და რძის ნაწარმს ვყიდით, თუმცა 2020 წლიდან ევროსტანდარტებთან შესაბამისად, ქარხნულად დამუშავებული რძე უნდა გავყიდოთ და იმედი გვაქვს, რომ მინი-ქარხნის აშენებას შევძლებთ. ვფიქრობთ, რომ ამ საიტზე რძის ნაწარმის გარდა, ხორცით განვათავსოთ“, - ამბობს გიორგი დავითაშვილი.
ვებ-გვერდი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გეგმის ფარგლებში, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტომ, გორის მუნიციპალიტეტის მერიათან ერთად შექმნა. სააგენტოს ხელმძღვანელის, ლაშა ხმალაძის თქმით, საიტი გლეხებს საშუალებას მისცემს, საკუთარი პროდუქციის რეალიზება არამხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ უცხო ქვეყნის ბაზარზეც მოახდინონ.
“საიტი ამ ეტაპზე, მხოლოდ ქართულ ენაზე ფუნქციონირებს, თუმცა უახლოეს პერიოდში რუსული და ინგლისურ ენოვანიც იქნება. ჩვენი სააგენტო უწევს ადმინისტრირებას ვებგვერდს და ჩვენი თანმშრომელი დაეხმარება ნებისმიერ მსურველს განცხადების განთავსებაში. ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის წარმომადგენლების მეშვეობით, მოხდება ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელება მოსახლეობაში“, - გვითხრა ლაშა ხმალაძემ.
გორელი ფერერებისთვის საიტის შექმნის იდეა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკუთვნის. საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ საიტი ფერმერებს მოყვანილი პროდუქტის ეფექტურად რეალიზებაში დაეხმარება.
ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. აქ განთავსდება უამრავი ინფორმაცია, როგორც პროდუქციის რეალიზაციზე, ასევე ყიდვაზე. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტის პროცესში ყველა დეტალის გათვალისწინება მოხდეს, რათა საბოლოოდ ეფექტური შედეგი მოგვცეს“, - ამბობს დავით რაზმაძე.
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გლეხებსა და ფერმერებს ვებ-გვერდზე რეალიზაციის მიზნით შეუძლიათ განათავსონ მრავალწლოვანი ნარგავები, ღია გრუნტზე დათესილი ერთწლოვანი კულტურები, მეურნეობაში არსებული პირუტყვი, ფრინველი, ფუტკრის სკა და მეურნეობაში წარმოებული პირუტყვის საკვები.
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
Read 745 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი