Back to Top
სამშაბათი, 16 ივლისი 2019 14:28

გორთან 3 კილომეტრში - მოსახლეობა გაზის, გზის, ბაღის და სკოლის გარეშე

ერთ-ერთი სოფელი, რომელიც გორთან ყველაზე ახლოს მდებარეობს, გორიჯვარია. ქალაქთან ასეთი სიახლოვის მიუხედავად, სოფელში ამ დრომდე არც ბუნებრივი აირი და არც მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა არ აქვთ. მეტიც, გორიჯვარს არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურება.
გორიჯვარი გორიდან 3 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში ასვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეუძლებელია, რადგან შესაბამისი რეისი არ არსებობს.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქამდე არ მოდის. ხან სკრის, ხან ხვედურეთის მარშუტკას მივყვებით და შემდეგ ფეხით ავდივართ სოფლამდე“, - ამბობენ ადგილობრივები.
სოფელში ავტომობილით გადაადგილებაც ჭირს. საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ არის.
“გზა მხოლოდ სალოცავამდეა მიყვანილი, თორემ სოფელში ამ მხრივ საშინელი ვითარებაა".
აქ მცხოვრებლებს ამ დრომდე არც ბუნებრივი აირი მიეწოდებათ. მოსახლეობის ერთ-ერთი საზრუნავი ზამთრისთვის შეშის მომარაგებაა.
ყველა ეს პრობლემა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზეც გაჟღერდა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ირმა ამბარდნისვილმა თქვა, რომ სოფლისთვის ყურადღების მიქცევის მოთხოვნით, მან წერილობით გორის მერსაც მიმართა.
"სოფელში არც გარეგანათება, არც გზა, არც მოსაცდელი არა აქვთ. ბუნებრივ აირზე ხომ ლააპარაკი ზედმეტია. ხალხი იძულებულია, ტყე გაჩეხოს და ეს კიდევ დამატებითი პრობლემაა. დიდ გორიჯვრმდე ტრანსპორტიც არ მიდის, ნახევარი კილომეტრი ფეხით უნდა გაიარონ, რომ გაჩერებამდე მივიდნენ. გორის მერი ამბობდა, რომ 6 მაისამდე იქნებოდა ყველაფერი მოწყობილი და დღემდე არაფერია გაკეთებული“, - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.
მერიაში ამბობენ, რომ სოფელში არსებულ ვითარებას იცნობენ და პრობლემებს ეტაპობრივად აგვარებენ.
“ჩვენ საქმის კურსში ვართ და ვიცით, რა პრობლემები აწუხებს მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელს, მათ შორის დიდ გორიჯვარსაც. მერია ეტაპობრივად გეგმავს აღნიშნული პრობლების გადაწყვეტას“, - გვითხრეს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
დიდ გორიჯვარში არც სკოლა და არც საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს. ადგილობრივებს ბავშვები მეზობელ სოფლებში ან გორში დაჰყავთ.
 
 
​პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს
Read 190 times