მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

წედისი - უიმედოთა სოფელი

სოფელი, სადაც 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, მომავალს ეჭვის თვალით უყურებს. აქ ადამიანები ამბობენ, რომ პრობლემების სიმრავლიდან გამომდინარე, ცხოვრების დონის მკვეთრად გაუმჯობესების იმედი აღარ აქვთ.

ამ სოფელში მდინარეზე გადებულ ხიდებს ფეხის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით. წედისს შუაზე მდინარე ათრევა ჰყოფს, ადამიანები კი მის ორივე ნაპირზე ცხოვრობენ. ზოგიერთი სახლის კარი აქ მხოლოდ ზაფხულობში იღება - მაშინ, როცა სოფლიდან წასულები უკან, დასასვენებლად ბრუნდებიან. 

"ზაფხულობით "დაჩნიკების" ჩამოსვლას, თავისი მხიარულება მოაქვს. სხვა მხრივ, არაფერი ამ სოფელში არ ხდება. ხალხი ეწვალება და ცხოვრობს", - გვეუბნება ციური კარელიძე, რომელიც დასასვენებლად ჩასულ საკუთარ შვილიშვილთან ერთად, ერთ-ერთი ხიდიდან მდინარეს დაჰყურებს.

უიმედოთა სოფელი 1

წყლის დონე დაწეული,. მდინარე კი დაბიძრურებულია. საბანაოდ ვერ გამოდგება.

"ნაგვის ურნები არ დგას და ეს მდინარესაც ეტყობა. ხან ვაგროვებთ ნაგავს და ვწვათ, ხან კიდევ მდინარეს ვატანთ".

წედისში 80-მდე ოჯახი ცხოვრობს. ისინი პროდუქტს და მედიკამენტებს გორიდან იმარაგებენ, რადგან სოფელში აფთიაქი და მაღაზია არ არის.

უიმედოთა სოფელი 3

"იყო ხოლმე მაღაზია, მაგრამ ვერ გაამართლა დახურეს. მერე მანქანა ამოდიოდა, პროდუქტები ამოჰქონდა და ასე ვყიდულობდით, მაგრამ ახლა ეგეც იშვიათად ხდება, რადგან ამ აყრილ გზაზე სიარული არ უღირთ", - გვეუბნება ციური.

წედისში მოსახვედრად ატენიდან უნდა გადაუხვიოთ. სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზა უსწორმასწორო და ქვა-ღორღიანია. 4 კილომეტრის გავლისთვის მინიმუმ 20 წუთია საჭირო.

"ერთია, რომ გზა არ არის და მეორეა, რომ მისი გაკეთების იმედიც არ გვაქვს. სოფელი იცლება, ადამიანები მიდიან და რავიცი, თუ წავლენ, მერე ვიღა მოხედავს ამ სოფელს", - გვეუბნება 70 წლამდე მამაკაცი, რომელიც ავტობუსს გორიდან ჩამოჰყვა.

უიმედოთა სოფელი 4

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფელში სამ რეისს ასრულებს. ამ ავტობუსით ის ახალგაზრდებიც სარგებლობენ, რომლებიც განათლებას მეზობელ სოფელში იღებენ. წედისში სკოლა და საბავშვო ბაღი არ არის.

"ბავშვებიც და მოსწავლეებიც იქ დადიან. ბაღი და სკოლა იმ სოფელშია. მიდიან და მოდიან. პრინციპში, ძალიან შორიც არ არის, ხან ფეხითაც კი ბრუნდებიან ხოლმე სკოლიდან".

სოფელში 20-მდე ახალგაზრდა ცხოვრობს. მათი ნაწილი, სწავლის პარალელურად, ოჯახს სამეურნეო საქმეებშიც ეხმარება - აქ გზაზე ხშირად შეხვდებით ბავშვებს, რომლებიც საქონელს მწყემსავენ ან სახლში ფიჩხს ეზიდებიან.

"ბუნებრივი აირი არ გვაქვს. პურს, ძირითადად, თონეში ვაცხოვბთ. საჭმლისთვის კი ან გაზს ვიყენებთ, ან შეშის ღუმელებს. ვისაც, როგორ უხერხდება, ისე აკეთებს".

სოფელს ამ ვითარებაში ცხოვრება მინიმუმ 2020 წლამდე მოუწევს. მერის წარმომადგენელის თქმით, გზის მოხრეშვა ერთადერთია, რაც ხელისუფლებამ მიმდინარე წელს შეიძლება წედისელებს გაუკეთოს.

 

 

 

 


პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 1044 times Last modified on ივლისი 19 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი