მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

ძველი ცირკის ტერიტორიის ყოფილი მფლობელისთვის გადაცემა -შეფასებები და მერის პასუხი  

გორში, ყოფილი ცირკის ტერიტორია გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ეკონომიკის სამინისტროს  უსასყიდლოდ გადასცა.

ცირკის ტერიტორიის ყოფილი მფლობელი კი - სამინისტროსგან ტერიტორიის დაბრუნებას  უახლოეს პერიოდში ელოდება. ბორის გოგიჩაიშვილს ისტორიული ადგილი, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად უნდა გადასცენ.

გოგიჩაიშვილი რადიო "მოზაიკასთან" ამბობდა, რომ ამ ადგილას სასტუმროს აშენებას აპირებს.

 ამავე თემაზე:   გორში, ყოფილი ცირკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენება იგეგმება

 

"არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება და ამ საკითხზე საკრებულომაც იმსჯელა. ეს ქონება სახელმწიფომ უნდა დამიბრუნოს, რადგან მერიას პირდაპირ ჩემთვის გადმოცემის უფლება არ ჰქონდა. გარკვეული პროცესებია საჭირო. ყოველდღე ველოდები, რომ დამიკავშირდებიან ეკონომიკის სამინისტროდან“, -გვითხრა ბორის გოგიჩაიშვილმა

ამავე თემაზე: "ოცნების" შემომწირველი ბიზნესმენი სახელმწიფოსგან გორში, 12 840 კვ.მ. ფართის გადაცემას ელოდება

გორის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია “ძლიერი გორის“ წევრი, ბექა ქორჩილავა ფიქრობს, რომ ყოფილი ცირკის ტერიტორიის გადაცემა კერძო პირისთვის მუნიციპალიტეტის ინტერესებს დააზიანებს.

“სამწუხაროდ, ჩვენი ქალაქის მერი, მუნიციპალიტეტში ვერაფერს წყვეტს, დარწმუნებული ვარ, მას ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება უნდა, მაგრამ ამის საშუალებას არ ეძლევა, რადგან ის ქალაქს ფორმალურად მართავს, სინამდვილეში სულ სხვა ადამიანების ხელშია მართვის სადავეები. ბორის გოგიჩაიშვილისთვის ამ ტერიტორიის გადაცემა, არის ხელისუფლების სურვილი, ამიტომ თუკი რაიმე იდეა იყო აქამდე, როგორ შეიძლებოდა ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტს და გორს გამოსდგომოდა, ახლა ეს ყველაფერი კერძო პირის ინტერესებს მოერგება“, - ამბობს ბექა ქორჩილავა.  

ბორის გოგიჩაიშვილს ყოფილი ცირკის ტერიტორია სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა დაუბრუნდეს, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, გოგიჩაიშვილისთვის ტერიტორიის სიმბოლურ ფასად გადაცემა, კითხვებს უჩენს იურისტებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი, ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს. 

“თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ქონების უკან დაბრუნებას, საუბარი აღარ უნდა იყოს სიმბოლურ ფასად გადაცემაზე. ეს არის ქონების დაბრუნება და   შესაბამისად უნდა მოხდეს მესაკუთრის შეცვლა. ეს ხომ არ არის, თავიდან ყიდვა, ეს არის ქონების უკან დაბრუნება. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი არის ფართოდ  და ღიად სამსჯელო. ამის შემდეგ უნდა იყოს დაზუსტებით საუბარი, როგორ და რა ფორმით უნდა იყოს დაბრუნებული ეს ქონება“, - ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ  სასამართლომ აღნიშნული ტერიტორია მფლობელს დაუბრუნა და მუნიციპალიტეტმა, მხოლოდ სასამართლოს განჩინება აღასრულა.

“სასამართლომ დაუბრუნა ამ ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ადრე ეკუთვნოდა და წაართვეს. სასამართლოს განჩინება წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ვიცი რომ ამის   საფუძველზე უნდა მოხდეს ბორის გოგიჩაიშვილისთვის მისი დაბრუნება. ცირკის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ეკუთვნოდა მას და ამ ნაწილს უბრუნებენ. ის   დარჩენილი  “კოლონადა“ ისევ ჩვენს ბალანსზე რჩება და აქ კარგი პროექტების განხორციელებასაც ვაპირებთ“, - განმარტავს გორის მერი.

საქართველოს კანონმდებლობით, ქონების პირდაპირი წესით, 1 ლარად გაყიდვის უფლება მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიას აქვთ.

2014 წელს მიღებული “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, მუნიციპალიტეტებს ქონების ამ წესით გაყიდვა აეკრძალათ. ამის მიზეზად კი, პირველ რიგში, გაუმჭვირვალობისა და კორუფციის მაღალი რისკი დასახელდა. 

 


პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს

Read 1251 times Last modified on აგვისტო 01 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი