მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

რატომ არ ჩანან ქალები წამყვან პოზიციებზე - დისკუსია გორში

გორის დემოკრატიის სკოლაში შეხვედრა გაიმართა, სადაც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI) წარმომადგენლები ადგილობრივ ქალებს შეხვდნენ. დამსწრეთა უმრავლესობას პოლიტიკური პარტიების და საკრებულოს წევრი ქალები შეადგენდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ძირითადად იმას, თუ რა პრობლემები აქვთ ქალებს პოლიტიკაში და როგორ უნდა დაძლიონ ეს ბარიერები. მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიც იმართება.

საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, ლია ჩლაჩიძე პოლიტიკაში ქალის როლზე საუბრობს და ამბობს, რომ ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი წამყვან პოზიციებზე, ისინი ძირითადად შემსრულებლები არიან.

“გული მწყდება, რომ გვიხდება საუბარი იმაზე, რომ ქალები ნაკლებად არიან გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში თანამდებობებზე. საკრებულოს სხდომაზე პრეზიდიუმისკენ გახედებაც არ მინდა, იმიტომ, რომ იქ ზის სამი მამაკაცი და ქალი არა არის წარმოდგენილი. შესაძლოა, ბევრმა ქალმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც წაადგება, როგორც მუნიციპალიტეტს, ასევე ქვეყანას. სამოქალაქო ცნობიერებაა ასამაღლებელი, რომ მოსახლეობამ დაინახოს ქალის როლი ცხოვრებაში და პოლიტიკურ მოღვაწეობაში“, - თქვა ლია ჩლაჩიძემ.

დამოუკიდებელი კანდიდატი საკრებულოში, ირმა ამბარდნიშვილი ფიქრობს, რომ ქალები არ არიან ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები და თავად ქალების მიერაა წახალისებული გენდერული უთანასწორობაც.

“გენდერულ უთანასწორობა, გორის შემთხვევაში, ხშირად ქალების მიერაა წახალისებული. არის ისეთი სიტუაციები, როდესაც ქალები ერთმანეთის მიმართ არ არიან სოლიდარულები. პირადად ჩემს შემთხვევაზეც მოგახსენებთ: მიუხედავად იმისა, რომ დისკრიმინაციის ფაქტებზე სოციალურ სივრცეში საჯაროდ ვწერ, მხარდაჭერას ვერ ვგრძნობ ვერც მუნიციპალიტეტში დასაქმებული ქალებისგან და ვერც საზოგადოების სხვა წევრებისგან“, - აღნიშნა ირმა ამბარდნიშვილმა.

2014 – 2017 წლის საკრებულოს ყოფილი წევრი თამარ თედლიაშვილი ამ მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებას, დროის გასვლის მიუხედავად, ვერ ხედავს და პრობლემის მოგვარებაში მთავარ როლს პარტიებს აკისრებს.

“წინა მოწვევის საკრებულოში იყო უფრო ნაკლები ქალი, ვიდრე ახლაა, მაგრამ ეს გამოიწვია იმან, რომ მუნიციპალიტეტი გაერთიანდა. იმისათვის, რომ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში, ამაზე პირველ რიგში პარტიებმა უნდა იმუშაონ, რომ წარადგინოს მეტი ქალი, სიაში ჩაწერონ გამსვლელად და არა მოვალეობის მოხდის მიზნით, სადღაც ბოლოში. კულტურა რომ ქალი აირჩიო და ქალს ენდო, მოსახლეობაში არის ასამაღლებელი“, - თქვა თამარ თედლიაშვილმა.

IRI-ის წარმომადგენელი საქართველოში ნინო დოლიძე ადგილობრივიც მუნიციპალიტეტის ქალებს რეკომენდაციებს აძლევს და ასევე სთავაზობს სოციალურ ქსელში შექმნანა ჯგუფი სადაც საკუთარი აზრების გაჟღერება შეეძლებათ.

"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სოციალურ სივრცეში გაკეთდეს ერთი დიდი ჯგუფი, რომლის წევრები იქნებიან ქალები, რომლებიც არიან პოლიტიკაში, ასევე სოციალური აქტივისტი ქალები. მათ იქ შეეძლებათ, აზრები გაცვალონ, გამოთქვან ინიციატივები და ჩვენ კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ მათი შესაძლებლობების რეალიზაციას", - განაცხადა ნინო დოლიძე.

აღნიშნულ შეხვედრას 20-მდე ქალი ესწრებოდა, მათი უმრავლესობა რადიო “მოზაიკასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 347 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი